საზოგადოება
26/01/2021

პანდემიის პირობებში მომხმარებელი WiFi-ს ოპტიკურ ინტერნეტს ამჯობინებს

ინტერნეტის მოხმარება წინასწარი მონაცემებით საშუალოდ 20%-ით გაიზარდა. გაზრდილია, როგორც მოხმარების ასევე ახალ აბონენტად რეგისტრაციის მოთხონის მაჩვენებელიც, - ინფორმაციას მცირე და საშუალო ოპერატორების ასოციაცია ავრცელებს.

„ეს რა თქმა უნდა არ არის ბოლო და ზუსტი მონაცემები, თუმცა ჩვენი გათვლებით, მატება საშუალოდ 20% იყო. ზუსტი მონაცემები სავარაუდოდ ერთი თვის შემდეგ იქნება ხელმისაწვდომი. მანამდე შემიძლია გითხრათ, რომ პანდემიამ მოთხოვნა ინტერნეტზე საკმაოდ გაზარდა და სავარაუდოდ ზრდის ტენდენცია 2025 წლამდე გაგრძელდება. რაც შეეხება სხვა მონაცემებს პიკური მოხმარება ინტერნეტის ფიქსირდებოდა საშუალოდ დღის იმ მონაკვეთში, როდესაც ონლაინ გაკვეთილები მიმდინარეობდა. მოხმარების ამპლიტუდა მაქსიმალურ ნიშნულს სწორედ ამ პერიოდში აღწევდა,“ - განმარტავს მცირე და საშუალო ოპერატორების ასოციაციის ხელმძღვანელი უჩა სეთური.

ინტერნეტზე მოთხოვნის საერთო ზრდის პარალელურად მომხმარებელთა ნაწილი ეგრეთწოდებული WiFi ინტერნეტიდან ოპტიკურ ინტერნეტზე გადასვლას ითხოვს. მცირე და საშუალო ოპერატორების ცნობით, აქტიურად მიმდინარეობს WiFi ინტერნეტის ოპტიკურით ჩანაცვლება, - მიზეზი უფრო ხარისხიანი და სწრაფი ინტერნეტის მიღების სურვილია.

„მოთხოვნა მაღალი იყო, ორ სამ აბონენტიანი სოფლებიდანაც კი, რომლებიც მაგისტრალებიდან საკმაოდ მოშორებითაა. მნიშნელოვნად შეიცვალა კონცენტრაცია ბოჭკოვანი ინტერნეტის მომხმარებლების WiFi ინტერნეტის მომხმარებლების საპირისპიროდ. გაზრდილია მოთხოვნა ხარისხიან და მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე, რაც WiFi-ს შემთხვევაში ბოჭკოვანთან შედარებით რთული მისაღწევია,“ - უჩა სეთური

ინტერნეტზე გაზრდილი მოთხოვნის ფონზე კვლავ პრობლემად რჩება ზოგიერთ რეგიონში მოსახლეობისთვის ინტერნეტის გამოყენება. გაერთიანების ინფორმაციით, პრობლემა არა ტექნიკურ არამედ ფინანსურ კომპონენტშია. შესაბამისად, მცირე და საშუალო ოპერატორების ასოციაციაში ფიქრობენ, რომ განსაკუტრებული საჭიროებების მქონე ოჯახებისთვის სახელმწიფომ ინტერნეტ ვაუჩერიზაციის პროგრამა უნდა განაახლოს.

 

 

Businesspartner