პაექრობა გულშემატკივრების გარეშე - Covid 19-ის გავლენა სპორტზე
ხანგრძლივი პაუხის შემდეგ, დღეს რაგბის რუმინეთი-საქართველოს მატჩს და ფეხურთის საქართველო-ესპანეთის მატჩს მაყურებლების 30% დაესწრება, რეგულაციების დაცვით. ამ დრომდე კი სპორტსმენებს პაექრობა გულშემატკივრების გარეშე უწევდათ.
***
წელიწადზე მეტია, რაც მსოფლიო უხილავ მტერს, Covid 19-ს ებრძვის, საზოგადოება კი ჯერ კიდევ ცდილობს ისწავლოს ცხოვრება ვირუსთან ერთად. ამ ერთი წლის განმავლობაში, ვირუსის გავრცელების მასშტაბმა, თითქმის ყველა სფეროს უამრავი პრობლემა შეუქმნა.
მნიშვნელოვანი, დატვირთული და მრავალფეროვანი უნდა ყოფილიყო სპორტისთვის 2020 წელი, თუმცა პანდემიამ უვადოდ გადადო მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებები.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება ოლიმპიადაა, რომელიც 2020 წლის ივლისში უნდა გამართულიყო, თუმცა პანდემიის გავრცელებიდან მალევე, ორგანიზატორებმა მისი გადადების გადაწყვეტილება მიიღეს. ტოკიოს ოლიმპიადას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სპორტსმენებისთვის უნდა ემასპინძლა და 40-მდე სხვადასხვა ქალაქში უნდა გამართულიყო. მოსამზადებელ ეტაპზე, რაც გულისხმობს სტადიონების მშენებლობას და ქალაქების მომზადებას, სპორტსმენების დასახვედრად, 10 მლრდ დოლარი დაიხარჯა. გარდა ამისა, ორგანიზატორებს ღონისძიების გადადების გამო, 2021 წელს დამატებით მინიმუმ 2 მლრდ დოლარის დახარჯვა მოუწევთ.
2020 წელს უნდა გამართულიყო ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში, თუმცა „ევრო 2020-იც“ გადაიდო. უეფას ღონისძიების გადადება დაახლოებით 300 მლნ ევრო დაუჯდა. გარდა ამისა, სპორტის სხვადასხვა სახეობის ფედერაციას ეროვნული ჩემპიონატების შეჩერების ან გაუქმების გამო სერიოზული ფინანსური ზიანი მიადგა. მაგალითისთვის, Statista.com-ის მიხედვით, 2020 წლის მარტში ამერიკის საფეხბურთო კლუბების ზარალი თითო თამაშიდან 50-200 ათასი დოლარით შეფასდა.
ცნობილი გამოცემა, „თაიმსის“ ცნობით, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ჩემპიონთა და ევროპალიგის მონაწილეებს შემოსავლები დააკლდება. მათი ინფორმაციით, ევროპის საფეხბურთო ასოციაციების კავშირი საპრიზო თანხებს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული მძიმე ვითარების გამო შეამცირებს. უეფამ ეს გადაწყვეტილება 55 ეროვნულ ასოციცაციას წერილობით ჯერ კიდევ 2020 წელს აცნობა.
ევროთასებზე გასული ქართული კლუბებისთვის ბიუჯეტის შევსების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო უეფასგან მიღებული თანხები იყო. გადაწყვეტილება ევროპაზე გასული 4 გუნდისთვის (ეროვნული ჩემპიონატის I,II,III ადგილოსანი გუნდები და საქართველოს დავით ყიფიანის თასის გამარჯვებული გუნდი) ფინანსურად ზიანის მომტანი იქნება.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო), ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა ანალიზის დეპარტამენტის (DESA) მიერ გამოქვეყნებულ ნაშრომში აღწერილია, თუ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს Covid 19-მა სპორტულ ღონისძიებებსა და საზოგადოების განვითარებაზე. ეკონომიკურ შედეგებთან ერთად, სპორტული ღონისძიებების გაუქმება გლობალურ და რეგიონალურ სოციალურ სარგებელზე აისახება.
ნათელია, რომ Covid 19-მა სპორტული სამყაროს დღის წესრიგი თავდაყირა დააყენა. შეიცვალა ჩემპიონატების ფორმატი, გადაიდო ან გაუქმდა მნიშვნელოვანი საერთაშორისო თუ ეროვნული ტურნირები, აიკრაძლა მაყურებლის დასწრება სპორტულ ღონისძიებებზე და რაც მთავარია, ამ სფერომ დიდი ფინანსური ზარალი ნახა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი გავლენა იქონია სპორტსმენებზე და მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. ბევრმა სპორტსმენმა გადაიტანა Covid 19, ბევრიც დღემდე იზოლაციაში იმყოფება, საყვარელი საქმიანობისგან და ხალხისგან შორს.
ეს თავის მხრივ, გავლენას ახდენს ადამიანზე და მათ მენტალურ ჯანმრთელობაზე. სპორტსმენები, ვინც სხვადასხვა ქვეყანაში თამაშობენ, საერთაშორისო მიმოსვლის შეჩერების გამო სამშობლოშიც ვეღარ დაბრუნდნენ.
საქართველოში პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან ერთ კვირაში ყველა სპორტული ღონისძიება 2 კვირით გადაიდო, თუმცა, ვითარების გაუარესების გამო, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და აიკრძალა ყველა სპორტული ღონისძიების დაგეგვმა-გამართვა. ჩაიშალა რაგბის და კალათბურთის ეროვნული ჩემპიონატი. ფეხბურთის შემთხვევაში, თებერვლის ბოლოს დაწყებული ჩემპიონატი შეჩერდა და შეზღურვების შემსუბუქების შემდეგ კვლავ განახლდა. საერთო ჯამში, საქართველოს სპორტულმა ნაკრებებმა და სპორტსმენებმა 5 თვის მანძილზე დაგეგმილ ეროვნულ თუ საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობა ვერ მიიღეს, მისი ჩაშლის ან გადადების გამო.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის მატჩები ფეხბურთში, სადაც საქართველოს ნაკრებს 2 მატჩის მოგების შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი ჰქონდა . თავდაპირველად, პირველი მატჩი უნდა გამართულიყო მარტში “დინამო არენაზე”, თუმცა კორონა ვირუსის გავრცელების პიკის გამო, მატჩი ივნისამდე გადაიდო. ივნისში კი ვირუსის გავრცელების საფრთხის გამო, ორგანიზატორებმა შეხვედრა კიდევ ერთხელ გადადეს და საბოლოოდ მიღებული გადაწყვეტილებით, თამაში საქართველოსა და ბელარუსს შორის გულშემატკივრების გარეშე გაიმართა.
საქართველოს ნაკრებს ერთი ნაბიჯი რჩებოდა ისტორიულ შედეგამდე. მაკედონიასთან მატჩის წინ, საქართველოს მთავრობამ უეფასგან მიიღო რეკომენდაცია. ეპიდვითარების გათვალისწინებით, მთავრობას ჰქონდა უფლება სტადიონის 30%-ზე დაეშვა გულშემატკივარი, თუმცა ყოველდღიურად მზარდი ინფიცირების რიცხვის გათვალისწინებით, ეს ისტორიული შეხვედრაც მაყურებლის გარეშე გაიმართა. Covid-19-მა არა მხოლოდ გულშემატკივარი დატოვა სტადიონს მიღმა, არამედ ფეხბურთელებიც. მატჩამდე ერთი დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ ნაკრებს ვერ დაეხმარებოდა წამყვანი ფეხბურთელი და ერთ-ერთი გამორჩეული ახალგაზრდა მოთამაშე, ხვიჩა კვარაცხელია. მას განმეორებითი ტესტირების შემდეგ კორონა ვირუსი დაუდასტურდა. გულშემატკივრებისთვის და ჩვენი ნაკრებისთვის ეს ამბავიც გადამწყვეტი გახდა, რადგან ისტორიულ მატჩში საქართველოს ნაკრები დამარცხდა.
ფიზიკური მომზადების გარდა, მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ გავლენაზე საუბრობს საქართველოს ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელი და ახლა უკვე წარმატებული ქართველი მწვრთნელი, კახა ცხადაძე. მისი აზრით, სპორტულ სამყაროში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სწორედ სპორტსმენთა ფსიქოლოგიური პრობლემების რეაბილიტაციის პროცესი იქნება.
„ვფიქრობ, ეს პერიოდი ყველაზე მეტად ფსიქოლოგიურ გავლენას მოახდენს ჩვენზე, მწვრთნელებსა და სპორტსმენებზე. ეს არის პანიკა ყველასთვის, განსაკუთრებით კი სპორტსმენისთვის, ვინც გადაიტანა ან ახლა არის ინფიცირებული,“ - ამბობს კახა ცხადაძე.
სპორტსმენების მენტალურ ჯანმრთელობაზე მათ უფრო მეტი იციან, ვინც თავად გამოსცადა კარანტინი და შეზღუდვები. წარსულში საქართველოს ნაკრების წამყვანი ფეხბურთელი შოთა არველაძე Covid 19-ის დამარცხების შემდეგ სწორედ იმ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე საუბრობს, რაც იზოლაციას და ვირუსის დადასტურების შემდეგ პერიოდს უკავშირდება.
„გვინდა თუ არ გვინდა, უნდა შევეგუოთ ამ ვირუსის არსებობას, პირბადესაც, დისტანციასაც, კარანტინსაც და ალბათ ნაწილობრივ შევეგუეთ კიდეც. მე უკვე სამჯერ მომიწია კარანტინში ყოფნა, ორჯერ ჯანმრთელი ვიყავი, ერთხელ ვირუსის გამო. ფსიქოლოგიურად ამ ყველაფრის გადატანა და გადახარშვა ძალიან რთულია. ალბათ, უფრო რთულია ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად სუსტი ადამიანისთვის. როცა ფიქრობ, ამდენ გაცდენილ დროზე, სინანულს განიცდი.“
ამ მნიშვნელოვანი შეხვედრის გარდა, Covid 19-ის გავრცელების გამო, საქართველოს სხვა სპორტული სახეობის ნაკრებები და სპორტსმენები ტურნირებს მიღმა აღმოჩნდნენ. ნოემბერში ამოქმედებული შეზღუდვების შემდეგ, ცვლილება შევიდა კანონში, რომელიც გულისხმობს სპორტული ღონისძიებების გამართვის შეზღუდვა-აკრძალვას. უფრო კონკრეტულად, არ დაიგეგმება (აიკრძალება) სპორტული ღონისძიებები, თუმცა არსებული ჩემპიონატები და გათამაშებები ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება. რაგბის, კალათბურთის და ფეხბურთის ეროვნული ჩემპიონატები გაგრძელდა, ერთადერთი შეზღუდვა დარჩა - მაყურებელი.
კიდევ ერთი სპორტის სახეობა, რომლის საქმიანობა პანდემიის დაწყებიდან დღემდე სრულად თითქმის არ აღდგენილა, არის ცურვა და წყალბურთი. შეზღუდვების შემსუბუქება არ შეხებია სპორტულ-გამაჟანსაღებელ დარბაზებსა და საცურაო აუზებს, რამაც თავის მხრივ გავლენა მოახდინა სპორტის ამ სახეობებზე. სპორტსმენებისთვის აკრძალულია და შესაბამისად, შეუძლებელია ვარჯიში და მომზადება.
მოცურავე, თეონა ბოსტაშვილი რიოს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების მონაწილეა. დაახლოებით 3 წელია, რაც თავის გამოცდილებას პატარა მოსწავლეებს უაზიარებს. მისთვისაც რთული აღმოჩნდა საყვარელი საქმისგან შორს ყოფნა, განსაკუთრებით ბავშვების გამო, რადგან უკვე რამდენიმე თვეა, სრულად აეკრძალათ ვარჯიშების გამართვა.
„პანდემიის დაწყებამდე, თებერვალში მოვასწარით საბავშვო ტურნირზე მონაწილეობის მიღება, თუმცა პირადად მე, ჩემს ასაკობრივ ჩემპიონატში მონაწილეობა ვერ მივიღე გაუქმების გამო. მარტში ისევე როგორც ყველაფერი, ჩვენც აგვეკრძალა ვარჯიშები და თავიდან ტანვარჯიშის გაკვეთილებს ონლაინ რეჟიმში ვატარებდი. ზაფხულში, მას შემდეგ რაც შეზღუდვები ცოტა შემსუბუქდა, მოგვცეს უფლება, რომ ღია სივრცეში, დისტანციის დაცვით ერთად გვევარჯიშა. პარკში დავრბოდით და ფიზიკურად აქტიურად ვემზადებოდით. აგვისტოში შეკრების ორგანიზებაც მოვახერხეთ. სექტემბერში აუზების ნაწილი გაიხსნა, მათ შორის იყო ჩვენიც. ერთი პატარა ტურნირის ორგანიზება მოვახერხეთ, თუმცა დიდი შეზღუდვებით ჩატარდა ეს სპორტული ღონისძიება. უამრავი აკრძალვა, რეკომენდაცია იყო გასათვალისწინებელი და ცუდი შედეგიც მივიღეთ.
სამწუხაროდ, ამ თვეების განმავლობაში ბევრმა სპორტს დაანება თავი. მშობლები რომ ხედავდნენ შეჯიბრება როგორ ტარდებოდა და რა ცუდი შედეგები გვქონდა, გაიყვანეს ბავშვები. ბევრს ჰქონდა შიშის ფაქტორიც, თან როცა ვერ ხედავდნენ სამომავლო პერსპექტივას, დანებება გადაწყვიტეს. ეს რა თქმა უნდა გულდასაწყვეტია ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის, თუმცა ეს რეალობაა, ეს მოგვიტანა შეზღუდვებმა,“ - განმარტავს თეონა ბოსტაშვილი.
მისთვის, როგორც მოცურავისთვის რთული აღმოჩნდა წყლის გარეშე დიდხანს ყოფნა. 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზიისთვის უნდა დაეწყო მზადება, რა დროსაც ოლიმპიადაც გადაიდო და ლიცენზიის მისაღები შეჯიბრებებიც.
„ძალიან რთულია ჩემთვის, როგორც მოცურავისთვის წყლის გარეშე ვარჯიში. ფიზიკურად ვცდილობ ფორმაში ვიყო, ჩემს პროფესიას მეტი სჭირდება. წყლის გარეშე ფორმის აღდგენას დიდი დრო სჭირდება.
საშინელი განცდაა, როცა ასე უმოქმედოდ ხარ, ფსიქოლოგიურად ძალიან მიჭირს. ბევრი შეჯიბრი მქონდა ხოლმე, ახლა კი ერთიც აღარ მაქვს. იმაზე ფიქრი, როდის რა იქნება, კიდევ უფრო დამთრგუნველია სპორტსმენისთვის.“
2020 წლის ევროპის ჩემპიონატი გადაიდო ძალოსნობაშიც, სადაც საქართველოს სახელით ლაშა ტალახაძე უნდა გამოსულიყო. მიუხედავად იმისა, რომ ძალოსნობა კონტაქტური სპორტი არ არის, ორგანიზატორებმა ჩემპიონატის გადადების გადაწყვეტილება მაინც მიიღეს. ევროპის ჩემპიონატის გადადების მიუხედავად, 2020 წლის ოქტომბრის ბოლოს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი გაიმართა, სადაც პირველობა არავის დაუთმო ლაშა ტალახაძემ და მძიმე წონითი კატეგორიის გამარჯვებული სწორედ ის გახდა.
სპორტსმენისთვის მნიშვნელოვანია ფიზიკური მომზადება და ფორმაში ყოფნა, თუმცა არის მეორე ფაქტორი - ფსიქოლოგიური მდგომარეობა პანდემიის დროს. ევროპასა და ამერიკაში შეიქმნა სპორტის ფსიქოლოგების სემინარების ონლაინ პლატფორმა. სპორტული ფსიქოლოგიის ასოციაცია (AASP) სპორტსმენებს სთავაზობს სემინარებს თემაზე, „Covid 19 პანდემიის დროს სპორტსმენთა ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდაჭერა“. ფსიქოლოგები ცდილობენ, დაეხმარონ სპორტსმენებს იმ გამოწვევებთან ადაპტირებაში, რაც ვირუსის გავრცელებას მოჰყვა. ძირითადი პრობლემები სწორედ შეცვლილი ვარჯიშებისა და თამაშების დღის წერიგს ეხება. ამ პროცესმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა სპორტსმენების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.
მსოფლიოში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ისევე როგორც ბევრ სფეროში, სპორტულ სამყაროშიც ფინანსური ზარალი დიდია. გუნდური სპორტის შემთხვევაში, ნაკლებად პოპულარული კლუბები გაკოტრების პირას არიან. სპორტული ბიზნესი, ძირითადად, მატჩების ჩატარებასა და გულშემატკივართა დასწრებაზეა დამოკიდებული. რიგ შემთხვევებში მედიაც დიდ როლს თამაშობს, რადგან ტრანსლაციიდან შემოსული თანხა ზოგიერთი კლუბისთვის ერთ-ერთი შემოსავლის წყაროა. ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში შეიქმნა სახელმწიფო ფონდი, რომელიც ცდილობს ადგილობრივ სპორტულ კლუბებს ფინანსურად დაეხმაროს. ეს მნიშვნელოვანია, როგორც მათი არსებობისთვის, ასევე განვითარებისთვისაც.
2020 წლის ნოემბერში შვეიცარიის მთავრობამ შეიმუშავა 2-წლიანი დახმარების პროგრამა სპორტული კლუბებისთვის. ეს იქნება უპროცენტო სესხი, რომლით სარგებლობას შეძლებს ქვეყნის მასშტაბით ყველა სპორტული კლუბი. კლუბებს 194 მლნ დოლარის გამოყენება როგორც სახელფასო, ასევე საორგანიზაციო ხარჯებში შეეძლებათ.
ქართული სპორტის 2020 წლის ბიუჯეტი 53,3 მილიონით შემცირდა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სპორტული ღონისძიებების გადადების მიუხედავად, წლიურად გამოყოფილი თანხა არცერთ სპორტის სახეობას არ შეუმცირა. დაფინანსება გაუქმდა მხოლოდ იმ ღონისძიებების შემთხვევაში, რომლებიც ჩაიშალა ან გადაიდო.
საგანგებო მდგომარეობის დროს, როცა სრულად აიკრძალა სავარჯიშო პროცესი და შეწყდა ჩემპიონატები, სპორტულ კლუბებს ჰქონდათ ფინანსური რესურსი, რომ თანამშრომლებისთვის და მოთამაშეებისთვის სრულად აენაზღაურებინათ ხელფასი.
არსებული რთული მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ოლიმპიურ და პარაოლიმპურ ჩემპიონებს გაუორმაგდათ სტიპენდიები. სპორტსმენთა სტიპენდიების ზრდის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია სამთავრობო გეგმის ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ პანდემიის დაწყების პერიოდში მთავრობის გეგმაში სპორტის მიმართულებით არანაირი დახმარება განხორიციელებულა და მსგავსი ფაქტი პირველად მოხდა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 2020 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ბუნებრივია დიდი ნაწილი დაეთმო პანდემიის პირობებში განხორციელებულ პროექტებს. სპორტის ნაწილში, სამინისტრომ ხაზი გაუსვა მათ მიერ შემოშავებულ პროფესიული სპორტის დროებითი პროტოკოლების შექმნას, რომლის საშუალებითაც სამწვრთნელო და საშეჯიბრო პროცესი განახლდა. აღნიშნული პროტოკოლის აუცილებლობა ნაკარნახევი იყო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გაცემული რეკომდენაციების საფუძველზე, რაც ნაკლებად გამოხატავს სამინისტროს ეფექტურ მუშაობას. იმ პირობებში, როცა დღემდე არ არსებობს თუნდაც სპორტსმენების დახმარების პროგრამა, რომელიც ფინანსური სარგებელის გარდა, მათ ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციაზე იზრუნებს.
2020 წელს სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტები არ შეჩერებულა, თუმცა რამდენჯერმე გადაიდო ბათუმის გრანდიოზული სტადიონის გახსნა. UEFA-ს სტანდარტების ბათუმის სტადიონი ჯერ კიდევ ჩემპიონატის დასაწყისში, 2020 წლის გაზაფხულზე უნდა გახსნილიყო, თუმცა პანდემიის დაწყების გამო შემოდგომისთვის გადაიდო. თითქმის უკვე გადაწყვეტილი იყო, რომელ თამაშს გამართავდა დინამო ბათუმი ახალ სტადიონზე, როცა პანდემიის ახალი ტალღა დაიწყო და საბოლოოდ სტადიონი უმაყურებლოდ, მხოლოდ მთავრობის წევრების თანდასწრებით გაიხსნა. სანაქებო სტადიონმა, რომელიც ნამდვილად მნიშნელოვანი სპორტული კომპლექსია, შესაძლოა დინამო ბათუმის საშინაო მატჩებს სრულყოფილად ვერ უმასპინძლოს, რადგან პირველი ორი მატჩის შემდეგ საფარი ისე დაზიანდა, რომ მესამე მატჩის გამართვა ვეღარ მოხერხდა.
ქვეყანაში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო, საქართველოს მთავრობამ ახალი შეზღუდვები აამოქმედა. 28 ნოემრიდან კვლავ შეიზღუდა კულტურული და სპორტული ღონისძიბები. შეზღუდვები გულისხმობს, საცურაო აუზიების და სპორტული დარბაზების დახურვას, ხოლო სხვა ყველა საერთაშორისო და ეროვნული ღონისძიებების გამართვა დასაშვებია მხოლოდ მაყურებლის გარეშე.
სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან 1 წლის თავზეც კი არ არსებობს ფინანსური დახმარება ამ სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის. როგორც აღვნიშნე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უკვე არსებობს ონლაინ-სემინარები სპორტსმენებისთვის, რომლებმაც გადაიტანეს Covid 19 ან ახალა არიან ინფიცირებულები. მნიშვნელოვანია, თუ ჩვენს ქვეყანაშიც შეიქმნება მსგავსი ტიპის პლატფორმა, სადაც დაინტერესებულ პირები შეძლებენ მოისმინონ პროფესიონალთა რჩევები და გაუმკლავდნენ ვირუსის შემდგომ პერიოდს.
საქართველოს მსგავსად, ევროპის ბევრი ქვეყანა კვლავ მკაცრ შეზღუდვებს აწესებს და რა თქმა უნდა, ეს ვრცელდება სპორტზეც. ჯერ კიდევ უცნობია მასშტაბური სპორტული ღონისძიებების გამართვის ზუსტი თარიღი, რადგან ვირუსის გავრცელების დინამიკა ხშირ შემთხვევაში ცვალებადია. აქედან გამომდინარე, რთული წარმოსადგენია, როდის დაუბრუნდება სამყარო ჩვეულ რიტმს, როდის შეძლებენ სპორტსმენები ძველებურად გუნდურ ვარჯიშებს, დისტანცირების გარეშე და მთავარი, როდის შეძლებს გულშემატკივარი სტადიონის სრულად შევსებას.
მარიამ ბატიაშვილი, საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტი
სტატია ქვეყნებდა საქართველოს უნივერსიტეტისა და "ბიზნესპარტნიორის" პარტნიორობის ფარგლებში