ოქტომბრიდან ყველა, ახალ საცხოვრებელ კორპუსში "ჭკვიანი მრიცხველი" დამონტაჟდება
პირველი ოქტომბრიდან ყველა ახალი, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, რომელიც შევა ექსპლუატაციაში, აღჭურვილი იქნება ჭკვიანი მრიცხველებით.
როგორც სემეკის წევრმა გიორგი ფანგანმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, გამანაწილებელი ქსელის ახალი წესები უკვე დამტკიცებულია.
„ეს ის მრიცხველია, რომელიც თავად გადასცემს ინფორმაციას კომპანიას, შეუძლია გარკვეული მანიპულაციის ჩატარება, ანუ მომხმარებლამდე აღმრიცხველის მისვლაც არ იქნება საჭირო არც ელექტროენერგიის გასათიშად და არც ჩასართვად. ჭკვიან მრიცხველს შეუძლია დისტანციურად არა მხოლოდ ის გამოთვალოს თუ რამდენია მოხმრებული ელექტროენერგიის რაოდენობა, არამედ გათიშოს ელექტროენერგია ან ჩართოს,“ - აღნიშნა გიორგი ფანგანმა.
მისივე განმარტებით, ე.წ ჭკვიანი მრიცხველების დამონტაჟებასთან დაკავშირებით ინვესტიციას გამანაწილებელი კომპანიები განახორციელებენ.
„ეს ინვესტიცცია უნდა განახორციელოს, რა თქმა უნდა, უნდა გამანაწილებელმა კომპანიებმა. ჭკვიანი მრიცხველი ე.წ. „ტვინინგის“ პროექტის ნაწილია. ექსპერტების დასკვნით, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადავიდეს ჭკვიან მრიცხველებზე, ამ მასშტაბურ პროექტს ჩვენ უკვე წელს ვიწყებთ. ჯერჯერობით მოთხოვნა მხოლოდ ახალ მომხმარებლებს შეეხება, თუმცა გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა, რომ რამდენიმე წელიწადში ყველა მრიცხველი იყოს შეცვლილი და ჩანაცვლებული ჭკვიანი მრიცხველით. ჩვენ გვექნება კონკრეტული და წინასწარ გაწერილი გრაფიკი, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს მრიცხველების ჩანაცვლება. მე ვფიქრობ 3-4 წელი საკმარისი იქნება ამ პროექტის მთელი საქართველოს მასშტაბით განხორციელებისთვის,“ - აღნიშნა გიორგი ფანგანმა.