"ობიექტებს "ცხელ ხაზზე" შემოსული ზარების გარეშეც შევამოწმებთ" - მერია ხმაურზე კონტროლს ამკაცრებს
თბილისში მოქმედი იმ ობიექტების მიმართ, რომლებიც განსაზღვრულ საათებში ხმაურის დასაშვებ ნორმას გადააჭარბებენ, კონტროლი მკაცრდება, რადგან ზფხულის სეზონზე ამ საკითხის აქტუალობა იზრდება.
თბილისის მთავრობის ერთერთ ბოლო სხდომაზე თბილისის მერმა განაცხადა, რომ რესტორნებს, ბარებსა და კაფეებს, ამ ობიექტებზე ხმაურის დასაშვები დონე დღე-ღამის ყველა მონაკვეთში არის ერთნაირად შეზღუდული. კახა კალაძემ ინსპექციის ხელმძღვანელს აღნიშული საკითხის მოსაწესრიგებლად, მონიტორინგის გამკაცრებისკენ მოუწოდა.
„მინდა, ვთხოვო და მოვუწოდო ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს, ვინც ამ რეგულაციებს ექვემდებარება, დაიცვან არსებული ნორმები და არ გადააჭარბონ ხმაურის დასაშვებ ზღვარს. აქვე, მინდა დავავალო მუნიციპალური ინსპექციის უფროსს, ლაშა მაჭავარიანს, დაიწყეთ აქტიური ქმედებები პრობლემასთან დაკავშირებით, რომ ეს მიმართულება იყოს მოწესრიგებული, ადამიანები არ შეწუხდნენ. ყველანაირად ვუწყობთ ხელს ბიზნესს, მათ ვეხმარებით, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს მოსახლეობა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში ლაშა მაჭავარიანმა განმარტა, თუ რას გულისხმობს მონიტორინგის გამკაცრება. მისი თქმით, შესაბამისი ჯგუფები ობიექტს შეამოწმებენ არა მხოლოდ გამოძახების საფუძველზე, არამედ თავად ივლიან იმ დაწესებულებებში, რომლებიც ხმაურის გადაჭარბებით გამოირჩევიან.
„რეაგირებას ისევ ისე მოვახდენთ ცხელ ხაზზე, მაგრამ პლიუს ამას, ჩვენ უკვე ვიცით „ცხელი წერტილები“ და ჩვენი ძალებით მათ მაქსიმალურად გავაკონტროლებთ. ამ ეტაპზე ჩენ გვყავს 3-4 ეკიპაჟი დილის და საღამოს ცვლაში. ამ ეტაპზე გამოწვევებს ვუმკლავდებით, თუ ეკიპაჟების რაოდენობის გაზრდა დაგვჭირდება, ეკიპაჟებსაც დავამატებთ სხვა მიმართულებებიდან,“ - განაცხადა ლაშა მაჭავარიანმა.
2017 წელს ამოქმედებული კანონით, 23:00 საათიდან 08:00 საათამდე პერიოდში ხმაურის დონის 35 დეციბელის გადაჭარბების საჯარიმო სანქციები მოქმედებს. დარღვევა ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150, ხოლო იურიდიული პირის - 500 ლარის ოდენობით ითვალისწინებს.