საზოგადოება
22/10/2021

ნინო წილოსანი: მუნიციპალიტეტებში ბავშვთა შრომით პირობებზე ცნობიერების ამაღლებაა საჭირო 

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი მუნიციპალიტეტებში ბავშვთა შრომით პირობებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების საჭიროებას ხედავს. განსაკუთრებით ისეთ მუნიციპალიტეტებში, სადაც ბავშვების შრომა უფრო ინტენსიურად გამოიყენება. 

ნინო წილოსანი საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელს, ღასან ხალილს შეხვდა, სადაც განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა სოფლის მეურნეობაში ბავშვების შრომის გამოყენების საკითხი იყო. 

დეპუტატის თქმით, UNICEF-ს სოფლის მეურნეობაში ბავშვების შრომის გამოყენებასთან დაკავშირებით კონკრეტული კვლევა აქვს ჩატარებული, სადაც გამოიკვეთა, რომ ზოგიერთ რეგიონში სასოფლო სამეურნეო სამუშაოებზე ბავშვები მასობრივად არიან ჩართული და არის გარკვეული შიში, რომ არ არის დაცული მათი მუშაობის პირობები.

"ჩვენმა კომიტეტმა UNICEF-ის  ანგარიში და რეკომენდაციები დეტალურად განიხილა, რის  შემდეგ შრომის კოდექსში სათანადოდ დარეგულირდა ბავშვების შრომის პირობები და უფლებები. თუმცა რა თქმა უნდა, საჭიროდ მიგვაჩნია, რომ ამ საკანონმდებლო ცვლილებების აღსრულებას ყურადღება და თვალყურის მიდევნება სჭირდება,  მათ შორის, ისეთ მუნიციპალიტეტებში ცნობიერების ამაღლებას ბავშვთა შრომით პირობებთან დაკავშირებით, სადაც უფრო ინტენსიურად გამოიყენება ბავშვების შრომა“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.