ნინო რევიშვილი: ინტეგრირებულ პროფესიულ პროგრამებზე მოთხოვნა იზრდება
2020 წელს განხორციელებული რეფორმის შემდეგ, პროფესიული განათლების სისტემას, წელს პირველად, ინტეგრირებული პროგრამების კურსდამთავრებულები ჰყავს.
ინტეგრირებულ პროფესიულ პროგრამებზე მოთხოვნა და ინტერესი მზარდია. ამის შესახებ გადაცემა „ბიზნესი რუსთავი 2-ს“ პროფესიული უნარების სააგენტოს ინსტიტუციური განვითარების გუნდის ლიდერმა, ნინო რევიშვილმა განუცხადა.
მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე ინტეგრირებული პროგრამები 26 კოლეჯში დაახლოებით 57 პროგრამზე ხორციელდება და თითქმის ყველა რეგიონსა თუ მუნიციპალიტეტშია წარმოდგენილი, რამაც კოლეჯებს შორის კონკურენცია გაზარდა.
„ქვეყანაში როგორც კოლეჯების, ასევე პროგრამების რაოდენობაც იზრდება. ახალი კოლეჯების დამატებასთან ერთად, იმ კოლეჯების რიცხვიც იზრდება, რომლებიც პროგრამებს უკვე ახორციელებენ და ახალ პროგრამებს ამატებენ, რათა კოლეჯი უფრო მრავალფეროვანი გახადონ.“ -აცხადებს რევიშვილი.
ცნობისთვის, ინტეგრირებული პროფესიული პროგრამების მოდული 2020 წელს დაიწყო. პროგრამის ფარგლებში, 9 კლასდამთავრებულ მოსწავლეს შესაძლებლობა ეძლევა პროფესიული პროგრამის გავლის პარალელურად, ზოგადი განათლების საფეხურიც გაიაროს. სწავლის დასრულების შემდეგ კი კურსდამთავრებულს უმაღლესი საგანმანათლებლო ხაზით ან შესაბამისი პროფესიული პროფილით დასაქმება შეუძლია.
რეგისტრაცია მიმდინარე მაისში დაიწყო და 10 სექტემბრამდე გაგრძელდება.