ნიკოლოზ II-ის საზაფხულო რეზიდენცია მუზეუმად - მუზეუმოგრაფიაზე ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა
ბორჯომში ნიკოლოზ II-ის საზაფხულო რეზიდენცია, ე. წ. „ახალი კავალერიის სახლი“ დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმად გადაკეთდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული "ახალი სამშენებლო კომპანია" ასრულებს, რეაბილიტაციის დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება. პროექტის ბიუჯეტი კი 3,033 მლნ-ს აღემატება.
ამ ეტაპზე მუნიციპალური განვითარების ფონდმა XIX საუკუნის არქიტექტურული ძეგლის ხელოვნების მუზეუმის ექსპოზიციის კონცეფციის, ინტერიერის დიზაინისა და მართვის გეგმის მომზადებაზე ინტერესთა გამოხატვაზე გამოაცხადა. პროექტს მსოფლიო ბანკი აფინანსებს, მსურველ კომპანიებს კი განაცხადების წარდგენა მუნიციპალური განვითარების ფონდის გამოცხადებულ კონკურსში 13 მაისამდე შეუძლიათ.
"ახალი კავალერიის სახლი" ბორჯომში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე მდებარეობს, 1880 წელს აშენებული შენობა ფსევდო გოთიკური სტილის გამორჩეული ნიმუშია. შენობას აქვს რუსული არქიტექტურის ელემენტები - ანტრესოლი, კოშკები და სხვა.
2006 წლიდან კავალერიის შენობას და მისი მიმდებარე ტერიტორიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.
პროექტი ითვალისწინებს კოსტავას სახელობის პარკში მდებარე "კავალერიის კორპუსის" სრულ რეაბილიტაციას. მუზეუმში განთავსდება საგამოფენო დარბაზები, საკონფერენციო და საგანმანათლებლო სივრცეები, კაფე, ბიბლიოთეკა, მედიათეკა და სველი წერტილები. დაგეგმილია მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაც. შენობა სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.