საზოგადოება
30/09/2021

NGO: სავალდებულო ვაქცინაცია ადამიანის უფლებებს არ არღვევს

არასამთავრობო ორგანიზაცია “უფლებები საქართველოს“ გამგეობის თავმჯდომარემ კარლო ნიკოლეიშვილმა და საერთაშორისო სამართლის ექსპერტმა ნანა მჭედლიძემ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო სავალდებულო ვაქცინაციის საკითხზე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ  ბოლო 10 დღის განმავლობაში ვაქცინაციის ყოველდღიური მაჩვენებლის მკვეთრად დაცემა საგანგაშოა.

მათი თქმით, ამ პირობებში ქვეყანაში კიდევ დიდხანს ვერ მიიღწევა მოსახლეობის იმუნიტეტის ის დონე, რაც პანდემიის დამარცხებისათვის არის საჭირო. მნიშვნელოვანია სახელმწიფო, საზოგადოებრივმა და კერძო ორგანიზაციებმა გაატარონ ყველა ქმედითი ზომა, რათა ვაქცინაციის პროცესი იქცეს საყოველთაო.

ამ ყველაფრის ფონზე „უფლებები საქართველომ" შეისწავლა დასაშვებია თუ არა სავალდებულო ვაქცინაცია ადამიანის უფლებათა დაცვის პერსპექტივიდან. მათი განცხადებით, ვაქცინაციაზე უარის თქმისას, ადამიანები ხშირად მიუთითებენ არა მხოლოდ ყალბ სამედიცინო ინფორმაციაზე, არამედ მცდარ სამართლებრივ არგუმენტაციაზეც, თითქოს ვაქცინაციის სავალდებულოობით ირღვევა მათი ძირითადი უფლებები და თავისუფლებები.

„კოვიდპანდემიის პირობებში გავრცელებული დეზინფორმაციის ფონზე, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, რომ სავალდებულო ვაქცინაცია ადამიანის უფლებებს არ არღვევს. ამას მოწმობს სავალდებულო ვაქცინაციასთან დაკავშირებით ევროსასამართლოს დიდი პალატის მიერ გამოტანილი უახლესი გადაწყვეტილება, რომელშიც სასამართლომ მიუთითა, რომ სავალდებულო ვაქცინაციის შემოღება არის ხელისუფლების პასუხი მწვავე საზოგადოებრივ საჭიროებაზე, დაიცვას ინდივიდის და საზოგადოების ჯანმრთელობა. როცა ნებაყოფლობითი ვაქცინაციის პოლიტიკა საკმარისი არ არის მოსახლეობის იმუნიტეტის მისაღწევად და შესანარჩუნებლად, გონივრულია სავალდებულო ვაქცინაციის შემოღება, რათა მძიმე დაავადებების წინაღმდეგ დაცვის სათანადო დონე იყოს მიღწეული.“– ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებებს ასევე არ არღვევს საინფორმაციო კამპანია ნებაყოფლობითი ვაქცინაციის შესახებ. მნიშვნელოვანია საკითხია რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს სტრასბურგის სასამართლოში შეტანილ იმ პირთა განაცხადებს, რომლებიც კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო სავალდებულო ვაქცინაციას არ ემხრობიან.

“იქიდან გამომდინარე, რომ ევროპულ სასამართლოს ყივანახველას, დიფთერიის, პოლიომიელიტის და სხვა გადამდები დაავადებების წინააღმდეგ ვაქცინაციასთან დაკავშირებით არ დაუდგენია ევროპული კონვენციით გარანტირებული უფლებების დარღვევა, სრულიად თავისუფლად შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ კოვიდ-19-ით გამოწვეული პანდემიის პირობებში, სასამართლოს პოზიცია უცვლელი იქნება ვაქცინაციასთან დაკავშირებით იმ ვირუსის წინააღმდეგ, რომელმაც მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით სიცოცხლე შეიწირა", - აღნიშნავს ნანა მჭედლიძე, „უფლებები საქართველოს" საერთაშორისო სამართლის ექსპერტი.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ევროსასამართლო კვლავაც ყურადღებას გაამახვილებს საზოგადოების ყველა წევრის ჯანმრთელობის დაცვის ლეგიტიმურ მიზანზე, განსაკუთრებით, იმ პირებისა, რომლებიც ასაკის თუ სხვა გარემოებების გამო მოწყვლადები არიან და რომელთა დასაცავადაც მოსახლეობას მოეთხოვება, საზოგადოებრივი სოლიდარობიდან გამომდინარე, გასწიოს მინიმალური რისკი აცრის სახით. თუ საზოგადოებრივი სოლიდარობა არ იმოქმედებს, სახელმწიფოს შეუძლია მიმართოს საყოველთაო სავალდებულო ვაქცინაციას.

NGO მოუწოდებს საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და კერძო სტრუქტურების ხელმძღვანელებს ვაქცინაცია გახადონ სოციალური და კორპორაციული პასუხისმგებლობის საკითხად და ხელი შეუწყონ დასაქმებულების ვაქცინაციის პროცესს. ასევე ვაქცინაცია გახდეს სავალდებულო, განსაკუთრებით, ისეთი პროფესიის წარმომადგენლებისათვის, რომლებსაც ყოველდღიურად აქტიური შეხება აქვთ ფართო საზოგადოებასთან და მოწყვლად ჯგუფებთან.

ინფორმაციისთვის, პანდემიის დაწყებისთანავე ორგანიზაცია აქტიურად ჩაერთო დაზარალებული მოსახლეობისათვის სხვადასხვა სახის დახმარების გაწევაში. 2021 წლის აგვისტოს თვიდან კი ორგანიზაცია მოსახლეობას ეხმარება ვაქცინაციის რეგისტრაციაზე და აკვირდება ვაქცინაციის პროცესს.