NGO მთავრობას თამბაქოს სადა შეფუთვაზე დროული გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებს
თამბაქოს კონტროლის ალიანსი მთავრობას მოუწოდებს, თამბაქოს სადა შეფუთვასთან დაკავშირებით ტექნიკური რეგლამენტის ტექსტზე მუშაობა უახლოეს დღეებში დაასრულოს და ინდუსტრიის არანაირი წინადადება არ გაითვალისწინოს.
მათი თქმით, თამბაქოს ინდუსქტია, უსაფუძვლო არგუმენტებით, სადა შეფუთვასთან დაკავშირებული ნორმის ამოქმედების გადავადებას კიდევ ითხოვს.
"მსოფლიოს უკვე 19 ქვეყანაში თამბაქოს ნაწარმი, მომხმარებლისთვის ნაკლებ მიმზიდველობის მიზნით, სადა, ანუ სტანდარტიზებული (ყველა კოლოფი ერთფეროვანი იქნება, თუმცა მასზე დატანილი იქნება ბრენდის სახელწოდება და ქვესახეობა) შეფუთვით იყიდება. ეს ნორმა უახლოეს პერიოდში ამოქმედდება კიდევ 10 ქვეყანაში და მათ შორის, საქართველოშიც, სადაც თამბაქოს სადა შეფუთვით რეალიზაცია ჯერ კიდევ 2018 წლის პირველი იანვრიდან უნდა დაწყებულიყო. აღნიშნული ნორმის არსებობას თამბაქოს ინდუსტრია ჯერ კიდევ კანონპროექტის განხილვის პროცესში ეწინააღმდეგებოდა. თამბაქოს კონტროლის კანონის მიღებიდან ორ თვეში, 2017 წლის ივლისში კი, საერთაშორისო გავლენები გამოიყენეს და საქმეში აშშ-ს გავლენიანი პირებიც ჩარიეს, რომ საქართველოს ხელისუფლებას სადა შეფუთვის რეგულაცია უპრეცენდენტოდ დიდი ხნით, 2022 წლის 31 დეკემბრამდე გადაევადებინა.
ინდუსტრია მთავრობისაგან კვლავ აღნიშნული ნორმის გადავადებას ითხოვს. არგუმენტები ამჯერადაც უსაფუძვლოა. ცრუობენ, რომ ტექნიკური რეგლამენტი არ დამტკიცებულა და ახალი დიზაინით კოლოფების დამზადებას ვერ მოასწრებენ. რეგლამენტი ჯერ კიდევ 2017 წელს მომზადდა. ამჟამად განახლებული დოკუმენტი შეთანხმების პროცესშია, რომელსაც დროის გაყვანის ტაქტიკით აფერხებს თამბაქოს ინდუსტრია და ახალ, მოთხოვნებსაც აყენებს.
საქართველოს მცირე ბაზრისთვის ახალი დიზაინის კოლოფები მაქსიმუმ 2-3 თვეში დამზადდება. სინამდვილეში ინდუსტრია ცდილობს კოლოფის სასურველი, ღრმა ზომა დაამტკიცებინოს და შესაბამისად ე.წ. „სლიმ“ ანუ წვრილი სიგარეტების შეფუთვა შეინარჩუნოს. აღნიშნავენ, თითქოს კოლოფების მათთვის სასურველ ზომას ევროდირექტივა მოითხოვს, მაშინ, როდესაც ევროპაში ასეთი სიგარეტების შეფუთვა კარგახანია აკრძალულია.
განახლებული ტექნიკური რეგლამენტის შეთანხმების პროცესში, თამბაქოს ინდუსტრია სწორედ ევროდირექტივების არასწორი ინტერპრეტაციითც ცდილობს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს შეცდომაში შეყვანას.
შევახსენებთ მთავრობასა და ყველა უწყებას, სადაც ინდუსტრიას საყრდენი პირები ჯერ კიდევ ჰყავს, რომ თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციისა და თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია თამბაქოს ინდუსტრიის მონაწილეობა ჯანდაცვის საკითხებთან დაკავშირებული (სადა შეფუთვა სწორედ ასეთი საკითხია) პოლიტიკის შემუშავების, მიღებისა და დანერგვის პროცესში. თამბაქოს ინდსუტრია ყოველთვის ეწინააღმდეგება საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის ეფექტური ზომების მიღებას. შესაბამისად, ინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრები და კონსულტაციები არღვევს საერთაშორისოდ ნაკისრ ვალდებულებებსა და ქვეყნის კანონმდებლობის მოთხოვნებს", - ნათქვამია თამბაქოს კონტროლის ალიანსის განცხადებაში.
ორგანიზაცია ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებს, უახლოეს დღეებში დაასრულოს ტექნიკური რეგლამენტის ტექსტზე მუშაობა და შეწყვიტოს ყოველგვარი კომუნიკაცია თამბაქოს ინდუსტრიასთან და შესაბამისად, არ გაითვალისწინოს ინდუსტრიის არანაირი წინადადება, რაც მათი თქმით, პირდაპირ საფრთხეს უქმნის საზოგადოების ჯანმრთელობას.
"საქართველოს მთავრობამ უახლოეს სხდომაზე დაამტკიცოს ტექნიკური რეგლამენტი და ამის შესახებ აცნობოს ვაჭრობის მსოფლიო ორგანოზაციასა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნოს;
საკითხის კიდევ უფრო გაჭიანურება გააჩენს საფუძვლიან ეჭევს, რომ ხელისუფლებაზე თამბაქოს ინდუსტრიას მეტი გავლენა აქვს, ვიდრე მოსახლეობის სასიცოცხლოს ინტერესებს", - აცხადებენ თამბაქოს კონტროლის ალიანსში.