NGO კაზინოებსა და სლოტკლუბებში თამბაქოს მოხმარების აკრძალვას ითხოვს
თამბაქოს კონტროლის ალიანსი ითხოვს, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, ნებისმიერ დახურულ სივრცეში, გამონაკლისების გარეშე, თამბაქოს ნებისმიერი პროდუქტის მოხმარება დაუყოვნებლივ აიკრძალოს.
მათი თქმით, დღეისათვის მოწევა დაშვებულია კაზინოებსა და სლოტკლუბებში, რასაც თამბაქოს ინდუსტრიამ პარლამენტსა და აღმასრულებელ მთავრობაში საკუთარი ლობების დახმარებით მიაღწია.
ალიანსი თამბაქოს ინდუსტრიის მოზარდებთან დამოკიდებულებაზეც ამახვილებს ყურადღებას.
“ქართველი საზოგადოების უფრო მეტი ნაწილი ათვითცნობიერებს თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი სივრცის მნიშვნელობას, აღიარებს, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესს ალტერნატივა არ აქვს და ცდილობენ სამუდამოდ უარი თქვან ნიკოტინდამოკიდებულებაზე.
მსოფლიოს საყოველთაო გაფრთხილებამ "მოწევა კლავს" შედეგი გამოიღო და თამბაქოს კლასიკური ნაწარმი, ჩვეულებრივი სიგარეტი პოპულარობას კარგავს. თუმცა, თამბაქოს ინდუსტრია ცდილობს, ბაზარი მოზარდებით და ახალგაზრდებით გაამყაროს და იმისათვის, რომ მოწევაზე დამოკიდებული გახდნენ, მათ სხვადასხვა მარკეტინგული ხრიკებით შეფუთულ, მომწამლავ, ახალ ტექნოლოგიურ პროდუქტებს, ელექტრონულ სიგარეტსა და გახურებად თამბაქოს სთავაზობს. ამასთან, ინდუსტრია აქტიურად ცდილობს ყველა ქვეყნის ხელისუფლებაში დასაყრდენის პოვნას და შესაბამისად მთავრობების საქმიანობის გაკონტროლებას. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება ერთ-ერთი მოწინავეა, რომელსაც თამბაქოს ინდუსტრიის გავლენების მიხედვით, თამბაქოს ჩარჩო კონვენციის მიერ მინიჭებული არასახარბიელო ინდექსი აქვს.
ვიმედოვნებთ, მომავალი წლის 29 მარტისთვის, მთავრობა გამოწვევად დაისახავს, მოიშოროს თამბაქოს ინდუსტრიისგან მართვადის იარლიყი და პირველ რიგში, პარლამენტთან ერთად თამბაქოს კონტროლის კანონის კიდევ უფრო სრულყოფას შეეცდება.
საქართველოს მთავრობა უკვე თითქმის სამი წელია, არღვევს „თამბაქოს კონტროლის“ შესახებ კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნას, 2018 წლის 1 ივნისამდე მიეღო მთავრობის დადგენილება „საჯარო დაწესებულებაში თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკის დაცვისა და სახელმწიფოს თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირთან ურთიერთობის წესის დამტკიცების შესახებ“. მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტი ყველა შესაბამის უწყებასთან შეთანხმებულია და მთავრობას 2018 წლის ივნისში მიეწოდა, დღემდე არც განუხილავთ.
ვიმედოვნებთ, ახალი მოწვევის პარლამენტი განაგრძობს თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების გაძლიერებას და მთავრობას მოუწოდებს კანონის დაცვას და 2018 წლიდან დღემდე თაროზე შემოდებული ნორმატიული აქტის მიღებას“,- აცხადებენ თამბაქოს კონტროლის ალიანსში.
ცნობისთვის, 29 მარტი თამბაქოსგან თავისუფალი ეროვნული დღეა, რაც საქართველოში უკვე 20 წელზე მეტია, აღინიშნება.