NGO: აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან კონტრაბანდული სიგარეტი მთელ ქვეყანაში იყიდება
აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან შემოსული კონტრაბანდული სიგარეტის რაოდენობა გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით გავრცელდა. ამის შესახებ ინფორმაციას თამბაქოს კონტროლის ალიანსი ავრცელებს.
არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, 2021 წლის მარტში, 1361 სავაჭრო წერტილში ჩატარებული მონიტორინგით, სიგარეტით უკანონო ვაჭრობის საგანგაშო მდგომარეობა ვლინდება.
“ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევების თანახმად, წინა წლებში, სამეგრელოს რეგიონის გარდა, საქართველოში სიგარეტით უკანონო ვაჭრობის მაჩვენებელი ძალიან დაბალი იყო. სამეგრელოში, 2017 წელს აფხაზურ აქციზიანი სიგარეტების მოცულობა 6%-მდე დაფიქსირდა, 2018 წელს კი 14%-მდე გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ თამბაქოს ნაწარმზე გადასახადები არ გაზრდილა.
ამჯერად, არამხოლოდ სამეგრელოში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაუბრკოლებლად ხელმისაწვდომია რუსული წარმოების აფხაზურ აქციზიანი, ასევე რუსული, ბელორუსული ან სხვა ქვეყნების აქციზიანი და უაქციზო სიგარეტი“,- აცხადებენ თამბაქოს კონტროლის ალიანსში.
მათი ინფორმაციით, ყველაზე ხელმისაწვდომია ორი ბრენდი - მანჩესტერი (წითელი, შავი, ლურჯი და თეთრი) და MAC (ორივე აფხაზური აქციზით). ზუგდიდში ამ ორი ბრენდის გარდა NZ (ბელორუსული აქციზით) შეძენაც შესაძლებელია. ხაშურში მონიტორმა „ომეგას“ დასახელების სიგარეტიც (ყოველგვარი აქციზის გარეშე) შეიძინა. ბათუმში, აღნიშნული ბრენდების გარდა შესაძლებელი იყო მარლბოროს (აფხაზური აქციზით და/ან უაქციზო), 2005 (უაქციზო), American Legend (უაქციზო), Pall Mall (უაქციზო), PS (უაქციზო), Dubao (უაქციზო), Credo (აფხაზური აქციზით) შეძენა. არალეგალური სიგარეტი (ძირითადად მანჩესტერი და MAC) ხელმისაწვდომი იყო ქალაქების მიმდებარე სოფლებშიც. კონტრაბანდული სიგარეტი ძირითადად ხელზე მოვაჭრეებთან იყიდება. ზოგ შემთხვევაში ხელმისაწვდომია ბაზრობების ტერიტორიებზეც.
თამბაქოს კონტროლის ალიანსი საქართველოს უშიშროების სამსახურს, შსს-ს, სასაზღვრო პოლიციის და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს რადიკალური ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.
“თამბაქოს ინდუსტრიას აწყობს კონტრაბანდის არსებობა (თუნდაც მინიმალურ დონეზე, როგორც დღესაა, გამოვლენილი უკანონო ვაჭრობის მოცულობა სავარაუდოდ, სიგარეტის წლიური მოხმარების 1%-ს არ აღემატება), რომ მთავრობა და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, აჩვენონ, თითქოს კონტრაბანდა, ან უკანონო ვაჭრობა გადასახადების გაზრდის გამო გაიზარდა, რაც არასწორია. შესაბამისად, ინდუსტრია ცდილობს გადასახადები თამბაქოს მკვლელ ნაწარმზე გაზრდის ნაცვლად, ძველ ნიშნულზე დააბრუნებინოს და ამ სფეროში გადაწყვეტილებები მათ კონტროლს დაექვემდებაროს, რათა როგორმე შეაჩერონ თამბაქოს მოხმარების შემცირების ტენდენცია, რომელიც თამბაქოს კონტროლის კანონის, მათ შორის საგადასახადო პოლიტიკის გაძლიერებამ გამოიწვია.
15-20 წლის წინ, საქართველოში, თამბაქოზე ყველაზე მინიმალური გადასახადის მიუხედავად, კონტრაბანდა 75%-ზე იყო, სწორედ კორუფციისა და სუსტი ადმინისტრირების გამო. სამწუხაროდ, კორუფცია ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორია, რომელსაც ქვეყნის ეროვნული ინტერესი ეწირება“,- აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.
თამბაქოს კონტროლის ალიანსი მოითხოვს:
ფინანსთან სამინისტრომ და სხვა პასუხისმგებელმა უწყებებმა დაიწყონ ფართომასშტაბიანი რეაგირება უკანონო ვაჭრობის თითოეულ ფაქტზე;
საქართველოს ძალოვანმა სტურქტურებმა შეიმუშაონ ოკუპირებული ტერიტორიებიდან კონტრაბანდული საქონლის კონტროლის სტრატეგია და მაქსიმალურად გააკონტროლონ აფხაზეთის რეგიონთან არსებული ადმინისტრაციული საზღვრის მთელი მონაკვეთი შესაბამისი ვიდეო და სატელიტური მეთვალყურეობის სისტემებით;
საქართველო დაუყონებლივ მიუერთდეს ჯანმოს, თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობის აღკვეთის ოქმს, რომელიც ქვეყანას მისცემს საშუალებას ჩაერთოს თამბაქოს უკანონო ბრუნვის კონტროლის საერთაშორისო სისტემაში;
კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე, საბიუჯეტო დანაკარგის ნაწილობრივ საკომპენსაციოდ, ასევე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებებიდან გამომდინარე, თამბაქოზე გადასახადები თანმიმდევრულად გაიზარდოს.
თამბაქოს ინდუსტრიას, თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის მე-19 მუხლის საფუძველზე, მოეთხოვოს უკანონო ქმედებებისა და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე მიყენებული ზიანის კომპენსაცია, რომელიც მიემართება შესაბამის სახელმწიფო ფონდში და მოხმარდება, როგორც თამბაქოსაგან გამოწვეული დაავადებების მკურნალობა-პრევენციას, ასევე თამბაქოს უკანონო ვაჭრობის აღმოფხვრას და თამბაქოს მოწევის შეწყვეტის სერვისების განვითარებას.