საზოგადოება
28/12/2021

ნათია თურნავას ახალი მოადგილე ჰყავს

ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ რომეო მიქაუტაძე დაინიშნა, ის ენერგეტიკის მიმართულებას უხელმძღვანელებს.
 
მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე, 2019 წლიდან რომეო მიქაუტაძეს შპს „თბილსერვისჯგუფის" დირექტორის პოსტი ეკავა.  
 
მიქაუტაძეს ენერგეტიკის სექტორში საქმიანობის დიდი გამოცდილება აქვს. 2009 - 2019 წლებში იგი  წამყვან, ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობდა საჯარო უწყებებსა და სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილ ენერგოკომპანიებში. მათ შორის, 2017 – 18 წლებში ეკავა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის, ენერგეტიკისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების შერწყმის შედეგად გაერთიანებულ სამინისტროში კი მინისტრის მოადგილის თანამდებობები. 
 
2018 – 19 წლებში რომეო მიქაუტაძემ საქმიანობა განაგრძო საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორად, შემდეგ კი შპს „ენერგოტრანსის" ხელმძღვანელად. 
 
მინისტრის მოადგილეს ნამუშევარი აქვს სხვადასხვა ენერგეტიკულ კომპანიაში, მათ შორის, ისეთ ჰიდროელექტროსადგურებში, როგორიცაა „ვარციხე ჰესების კასკადი", „ზაჰესი„, „ხრამჰესები" „ჩხოროწყუჰესი" და სხვ. 
 
მას, როგორც პროექტის ხელმძღვანელს, მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდო ენერგეტიკის სექტორში განხორციელებული პროექტის -  110 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის ჯახუნდერი - მესტიის მშენებლობისთვის.