ნაძვის უკანონო მოპოვება-რეალიზაციაზე ჯარიმა 200-დან 2000 ლარამდეა - კონტროლი მკაცრდება
წინასაახალწლოდ, წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლი მკაცრდება.
იმ რეგიონებში, სადაც წიწვოვანი ტყეებია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები ზედამხედველობას 24 საათიან რეჟიმში განახორციელებენ.
წიწვოვანების უკანონოდ მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე ჯარიმა 200-დან 2000 ლარამდეა, რასაც გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის ოდენობა ემატება. თუ ზიანის ოდენობა 1000 ლარს აჭარბებს, პირის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დგება.
წიწვოვანი ხე-მცენარეების კანონიერად მოპოვება შესაძლებელია სანერგეებში, პლანტაციებში, საკარმიდამო ნაკვეთებში, ასევე, იმპორტირება. კანონიერად მოპოვებული ხე-მცენარეების რეალიზაციის შემთხვევაში, რეალიზატორს ხე-მცენარის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა მოეთხოვება. თუ წიწვოვანი მცენარე მოპოვებულია კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან ხელოვნურად გაშენებულ სანერგეში, მცენარეების ტრანსპორტირებისთვის სავალდებულოა მათი ადგილწარმოშობის ცნობა, რომელსაც გასცემს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობა. იმ შემთხვევაში, თუ მცენარის დიამეტრი აღემატება 12 სანტიმეტრს, ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე, ხე-ტყის წარმოშობის დამადასტურებელ დოკუმენტს გასცემს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო.