საზოგადოება
02/12/2021

მზადება ევრობასკეტ 2022-ისთვის - საქართველო FIBA-ს პრეზიდენტს და ბორდის სხდომას უმასპინძლებს

საქართველო ევრობასკეტ 2022-ის სამასპინძლოდ ემზადება. შესაბამისი სტანდარტების საკალათბურთო დარბაზის მშენებლობა უკვე დაწყებულია.  

არის თუ არა მზად საქართველო ევროპული კალათბურთის მნიშვნელოვან ღონისძიებას უმასპინძლოს 3-4 დეკემბერს გამოვლინდება, როდესაც ქვეყანას კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის, FIBA-ს უმაღლესი რანგის სტუმრები ეწვევიან.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ოფიციალური შეხვედრები მთავრობის წარმომადგენლებთან, ევრობასკეტისთვის დარბაზის მშენებლობის პროცესის ადგილზე გაცნობა და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა ევრობასკეტ 2022-ის საორგანიზაციო პროცესის მონიტორინგის მიზნით.

პარალელურად საქართველო FIBA ევროპის ბორდის, აღმასრულებელი საბჭოს სხდომასაც უმსპინძლებს. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეწვევა FIBA-ს პრეზიდენტი ჰამან ნიანგი, FIBA-ს გენერალური მდივანი ანდრეას ზაგკლისი, FIBA ევროპის პრეზიდენტი თურგაი დემირელი, აღმასრულებელი დირექტორი კამილ ნოვაკი და ბორდის წევრები.

FIBA ევროპის ბორდი დაკომპლექტებულია ევროპის კალათბურთის ფედერაციების პრეზიდენტებითა და გენერალური მდივნებით, მათ შორისაა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი გიორგი ქართველიშვილი, რომელიც ფიბა-ევროპის ბორდის წევრი და ასევე ფიბა ევროპის იურიდიული კომიტეტის პრეზიდენტია.

FIBA ევროპის ბორდის სხდომაზე განხილული იქნება ევროპული კალათბურთის მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის ევრობასკეტი-2022.

როგორც კალათბურთის ფედერაციაში აცხადებენ, საერთაშორისო კალათბურთის ფედერაციის (FIBA) ხელმძღვანელთა ვიზიტი თბილისში და აღამსრულებელი საბჭოს სხდომის ჩატარება საქართველოში მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართული კალათბურთის მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას, ახალი მშენებარე დარბაზის მიმართ ინტერესს და ევრობასკეტ 2022-ის სამუშაო პროცესების მონიტორინგს. 

შეგახსენებთ, რომ ევროპის 41-ე საკალათბურთო ჩემპიონატი ფიბა ევროპის ორგანიზებით 2021 წლის 17 აგვისტოდან 29 აგვისტომდე უნდა გამართულიყო, თუმცა პანდემიის გამო, მისი გამართვა 2022 წლისთვის გადაიდო, 1-18 სექტემბერს. ჯგუფური ეტაპის თამაშები თბილისში, მილანში, პრაღასა და კიოლნში ჩატარდება, ფინალურ ეტაპს ბერლინი უმასპინძლებს.