საზოგადოება
08/11/2021

"მწვანე ბარათებზე" კონტროლი და აღსრულება მნიშვნელოვანია, სხვაგვარად ყველაფერი აზრს კარგავს"

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ საკორდინაციო საბჭოზე "მწვანე ბარათების" დანერგვისა და კონტროლის მექანიზმებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ამ ინტერვენციით გადავდოვართ "მწვანე ბარათების" გამოყენების მეორე ეტაპზე.

"კონტროლი და აღსრულების ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სხვაგვარად ეს ყველაფერი აზრს კარგავს. შესაბამისად, შრომის ინსპექციის სამსახური და ყველა ის ბიზნესი, რომელიც ამ პროცესში ჩართული იქნება საწყის ეტაპზე, 1 დეკემბრამდე ყველა შესაძლო მექანიზმს გაივლიან, რომ აღსრულება იყოს სათანადო და არ დაუშვან რაიმე გადაცდომა ან ტენდენციური დამოკიდებულება მომხმარებლისადმი.

ყველა დასაქმებული გარკვეულწილად იმ ძირითადი სერვისების მომხმარებელია, რასაც მწვანე საშვის მექანიზმი ეხება, ამიტომ აქცენტი სწორედ მათზე და უსაფრთხო გარემოზეა. რაც შეეხება, დამსაქმებლების თუ დასაქმებულების ურთიერთობას და გადაწყვეტილების მიღებას ვაქცინაციას პროცესის ხელშეწყობის შესახებ, ეს კვლავაც ძველებურად გრძელდება,“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, კოვიდ პასპორტი ექნება ყველას, სადაც სტატუსი მოიცავს სამ ძირითად კომპონენტს.

მწვანე სტატუსი ექნება ადამიანს, რომელსაც გადატანილი აქვს ვირუსი ან აცრილია, ასევე თუ ჩატარებული აქვს ბოლო 72 საათის განმავლობაში პისიარ ტესტი, ან ბოლო 24 საათის განმავლობაში სწრაფი ტესტი.