საზოგადოება
12/10/2021

მთავრობა საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერის ახალ ეტაპს აანონსებს

მთავრობა საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერის ახალ ეტაპს აანონსებს.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მთავრობა, ბრიტანეთის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, მუშაობს საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერის ახალ სტრატეგიაზე, რომელმაც რეფორმის განხორციელება მომავალი წლების მანძილზე უნდა განსაზღვროს.

დეტალები განიხილეს ონლაინ-შეხვედრაზე, რომელშიც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩი მარკ კლეიტონი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი ნიკ ბერესფორდი მონაწილეობდნენ.

მთავრობაში მოლოდინი აქვთ, რომ რეფორმის წარმატებული განხორციელების შედეგად, დაიხვეწება საჯარო მმართველობის საკვანძო სფეროები და გაიზრდება საჯარო უწყებების ეფექტიანობა.

რეფორმის პირველი ციკლი 2015-2020 წლებში განხორციელდა და მთავრობის შემუშავებულ სტრატეგიულ დოკუმენტს ეყრდნობოდა. 

„საჯარო მმართველობის მიმდინარე რეფორმა თანხვედრაშია საქართველოს მისწრაფებასთან შექმნას გამჭვირვალე, პროგნოზირებადი და პასუხისმგებლიანი საჯარო მმართველობის სისტემა, რომელიც ქვეყნის მოსახლეობას მოემსახურება და სასიკეთო ცვლილებებს შეუწყობს ხელს. რეფორმის შემდეგი ეტაპის განხორციელება კიდევ უფრო გააღრმავებს გასული ხუთი წლის მიღწევებს და ხელს შეუწყობს იმ გამოწვევებთან გამკლავებას, რომელიც პანდემიით გამოწვეული კრიზისის ფონზე გამოიკვეთა", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

„გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს დემოკრატიულ გარდაქმნებს საქართველოს საჯარო მმართველობაში. ჩვენი მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობა შეიმუშავებს რეფორმის ამბიციურ, თანმიმდევრულ და საზოგადოებისთვის გასაგებ სტრატეგიას, რომელიც ხელს შეუწყობს რეფორმის განხორცილებას საჯარო მმართველობის ყველა დონეზე, ეროვნული უწყებებიდან ადგილობრივ მუნიციპალიტეტებამდე", - განაცხადა დიდი ბრიტანეთის ელჩმა მარკ კლეიტონმა.

„საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა გასული წლების მანძილზე, თუმცა საჯარო მმართველობის რეფორმის ყველა სფეროში თანაბრად წარმატებული არ ყოფილა. რეფორმის ახალ ეტაპზე, გაეროს განვითარების პროგრამის დახმარების პრიორიტეტული სფეროები უცვლელი დარჩება - პოლიტიკის დაგეგმვა და კოორდინაცია, სახელმწიფო სერვისების მიწოდება და საჯარო სამსახურის რეფორმის გატარება", - აღნიშნა UNDP-ის ხელმძღვანელმა ნიკ ბერესფორდმა.

Businesspartner