საზოგადოება
16/12/2020
მთავრობა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარების გეგმას წლის ბოლოს წარადგენს
მთავრობა სავარაუდოდ, წლის ბოლოს წარადგენს გეგმას, როგორ ჩატარდება ქვერყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განმარტა, ქვეყანას აქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომ შეინახოს Astrazeneca-სა და Moderna-ს ვაქცინები.
რაც შეეხება Phizer-ის ვაქცინას, საქართველოში მისი ტემპერატურის შენარჩუნებისთვის საჭირო შესაძლებლობების მქონე 40-მდე მაცივარია და პარალელურად მიმდინარეობს პროცედურები ახლების შესყიდვებზეც.
"მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა. სამმა ქვეყანამ უკვე დაიწყო ვაქცინაცია - დიდმა ბრიტანეთმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და კანადამ. ალბათ, მალე დაიწყებს გერმანიაც და რამდენიმე დიდი ქვეყანა. ჯერჯერობით Phizer-ით ვაქცინაცია დაიწყო ამ სამ ქვეყანაში. ამას სჭირდება შესაბამისი ცივი ჯაჭვი, -70, -80 გრადუსიანი. ჩვენთან დაავადებათა კონტროლის ცენტრში უკვე მუშაობს შესაბამისი ჯგუფი და ასევე საკოორდინაციო საბჭოსთან შესაბამისი ინტერსეტორალური კომისია. ჩვენთან მომუშავე ჯგუფმა შეიმუშავა კრიტერიუმები, პირველ რიგში, რა ჯგუფები უნდა აიცრან. შემდეგ, კრიტერიუმები ე.წ სერვისების მიწოდების და ასევე ხელმეორედ შეფასდა ქვეყანაში ცივი ჯაჭვის სისტემა.
თავისუფლად შეგვიძლია და გვაქვს კარგად გამართული -2-დან -4 გრადუსამდე ცივი ჯაჭვის სისტემა და შეგვიძლია Astrazeneca-ს ან სხვა ტიპის ვაქცინები, რომელიც არ საჭიროებენ დაბალ ტემპერატურას, ქვეყანაში სწრაფად დავნერგოთ. ასევე შესაბამისად არის მომზადებული კადრი, რომელიც ვაქცინაციას აწარმოებს. რაც შეეხება Moderna-ს ვაქცინას, რომელიც არის -20 გრადუსზე, ასევე ამ ტემპერატურაზე მუნიციპალიტეტების დონეზე გვაქვს სამაცივრე მოწყობილობები -20 გრადუსიანი, სადაც ასევე თავისუფლად შეგვიძლია Moderna-ს დანერგვა. რაც შეეხება, ცივ ჯაჭვს Phizer-თან დაკავშირებით, ასეთი დაახლოებით 40-მდე მაცივარი გვაქვს ქვეყანაში. იქიდან უკვე ვიცით, რამდენის გამოყენება შეგვიძლია და რამდენიმე ასეთი მაცივარი შესყიდვის პროცესშიც არის. რა თქმა უნდა, Phizer-ისა და Moderna-ს შემთხვევაში საჭირო იქნება ადამიანების გადამზადება",- აღნიშნა გამყრელიძემ.