მსოფლიო ბანკი საქართველოს რეფორმების განხორციელებაში კვლავ მხარს უჭერს
მსოფლიო ბანკი (WB) მზადაა გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების პროცესში.
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი დღეს ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ანა ბიერდეს შეხვდა.
მხარეებმა მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ ეს ურთიერთობა ნაყოფიერად ვითარდება მიუხედავად გლობალური პანდემიიდან გამომდინარე არსებული გამოწვევებისა.
მინისტრმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს კიდევ ერთხელ, მადლობა გადაუხადა კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში WB–ის მიერ გაწეული მნიშვნელოვანი დახმარების გამო, ასევე, იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც მსოფლიო ბანკი უწევს ქვეყანას რეფორმების განხორციელების პროცესში.
ლაშა ხუციშვილმა ანა ბიერდეს გააცნო ეეკონომიკური აღდგენის პოზიტიური დინამიკა და 2022 წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები.
თავის მხრივ, მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა დაადასტურა მსოფლიო ბანკის მზაობა, გააგრძელოს სრული მხარდაჭერა, იმ მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების პროცესში, რომელიც უკავშირდება ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ადამიანური კაპიტალის განვითარება და ფორმირება, სახელმწიფო საწარმოების რეფორმა, მწვანე და ციფრული ეკონომიკური აღდგენა.
დასასრულს, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველო წარმატებით გაართმევს თავს COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდასა და ქვეყნის განვითარებას