საზოგადოება
24/02/2023

"მოთხოვნა ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ძალიან მაღალია"

პროფესიული უნარების სააგენტოს ხელმძღვანელის განმარტებით, IT მიმართულებით, პროფესიული განათლების სისტემის კურსდამთავრებულების თითქმის 100% დასაქმებულია.

როგორც თამარ ქიტიაშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განმარტა, მოთხოვნა ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ძალიან მაღალია.

„ბევრად უფრო მეტია კადრებზე მოთხოვნა, ვიდრე ჩვენს პროფესიული განათლების სისტემას მიწოდება შეუძლია. მინდა ვთქვა, რომ სისტემის კურსდამთავრებულების თითქმის 100 პროცენტი დასაქმებულია. ხშირად, სტუდენტები სწავლის პროცესშივე იწყებენ მუშაობას და ხდება ისე, რომ ბოლომდე ვერ მიჰყავთ ფორმალური განათლება.“-აღნიშნა თამარ ქიტიაშვილმა.

მისივე თქმით, მასშტაბის სიმცირე დღევანდელი პროფესიული განათლების სისტემის მთავარი პრობლემაა.

„ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მასშტაბის გაფართოებაზე, რომ ვუპასუხოთ მზარდ მოთხოვნას. მხოლოდ სახელმწიფო ამ მასშტაბს ვერასოდეს ვერ დააკმაყოფილებს თუ კერძო სექტორი არ შემოვა, როგორც კონტრიბუტორი, როგორც პარტნიორი, როგორც განმახორციელებელი ან თანაგანმახორციელებელი სხვადასხვა ტიპის პროგრამებისა, იქნება ეს დუალური პროგრამები, სადიპლომო თუ სხვა მომზადება-გადამზადების პროგრამები.

ბოლო პერიოდში, ბიზნესი ამ საჯარო-კერძო პარტნიორულ ურთიერთობებში შემოდის, უფრო და უფრო მზარდი მასშტაბით და ინტენსიურად, მაგრამ ჩვენ უფრო მეტი გვინდა.“-განმარტა თამარ ქიტიაშვილმა.

Businesspartner