საზოგადოება
14/09/2021

მოსწავლეები და მასწავლებლები შეღავათიანი ინტერნეტპაკეტით ისარგებლებენ

ხვალიდან სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში განახლდება. პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის შეღავათიანი ინტერნეტპაკეტის შეთავაზება გრძელდება.

განათლების სამინისტროსა და საქართველოში მოქმედ სამ მობილურ ოპერატორს - „მაგთიკომს“, „ვიონ საქართველოსა“ და „სილქნეტს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შედეგად, მოსწავლეები და მასწავლებლები შეღავათიანი მობილური ინტერნეტ პაკეტით ისარგებლებენ.

მემორანდუმი ითვალისწინებს ინტერნეტ პროვაიდერების მიერ მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის 20გბ მაღალხარისხიანი მობილური ინტერნეტ პაკეტის 10 ლარად შეთავაზებას, რაც სტანდარტულ ღირებულებასთან შედარებით 2,5-ჯერ ნაკლებია.

შეღავათიანი ინტერნეტ პაკეტით სარგებლობისთვის საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებმა და მოსწავლეთა მშობლებმა რეგისტრაცია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ საგანგებოდ შექმნილ პლატფორმაზე უნდა გაიარონ.