საზოგადოება
12/08/2021

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ₾33.7 მლნ-იანი რეაბილიტაციის პროექტი 2023 წელს დასრულდება

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის რესტავრაცია-რეაბილიტაცია ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 33.7 მლნ ლარია და ის 2023 წელს დასრულდება.

სამუშაოები პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში ხორციელდება.

თბილისის მერიის ცნობით, ამ ეტაპზე, შენობის სახურავისა და პარაპეტის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ინტერიერში დეკორატიული ოთახების რესტავრაცია, შიდა კომუნიკაციების მოწესრიგება, კარ-ფანჯრებისა და შენობის ფასადის სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია ბაღისა და 9 აპრილის ქუჩის მხარეს  მდებარე  მაღალი საყრდენი კედლის გამაგრება; ინტერიერში ოთახების სარესტავრაციო-სარემონტო სამუშაოები; მხატვრულ-დეკორატიული დარბაზების საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოები; კარ-ფანჯრების განახლება; დაზიანებული დეკორატიული ბალუსტრადის რესტავრაცია და მისი გადაწყობა-აღდგენა; რესტავრაცია ჩაუტარდება ეზოსა და სასახლის ისტორიულ ღობეებს.

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე, დაახლოებით, 80-წლიანი ისტორიის მქონე კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრია, სადაც დღეისთვის, 4 500-მდე მოსწავლეა რეგისტრირებული. შენობაში არქიტექტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით, საინტერესო სივრცეებია - ე.წ. სარკეებიანი, მარმარილოს და თეთრი დარბაზები.