მოსახლეობის 27% ვაქცინაციის შესახებ მეტ ინფორმაციას ითხოვს – კვლევის შედეგები
რესპონდენტების 27.1%-ს მიაჩნია, რომ სჭირდებათ მეტი ინფორმაცია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ – 2021 წლის მარტში, იგივე განაცხადა რესპონდენტების 38.8%-მა. ამასთან, მათ ვისაც სჭირდებათ, ყველაზე მეტად აინტერესებთ რამდენად უსაფრთხოა (72.5%), გვერდითი მოვლენები (59.9%) და რამდენად ეფექტურია (59.8%).
წერს jandacva.ge ოჯახებისა და ბავშვების კეთილდღეობაზე COVID-19-ის გავლენის რეალურ დროში კვლევის შედეგებზე დაყრდნობით. კვლევა საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით ჩაატარა და 2021 წლის აგვისტოს მდგომარეობას ასახავს.
ქვეყნის მასშტაბით კვლევის მეოთხე ტალღისთვის შერჩევის ზომა განსაზღვრულია 1,996 შინამეურნეობით, მათ შორის ქალაქად 965 ერთეულით, ხოლო სოფლად 1,031 ერთეულით.
კვლევის თანახმად, მოსახლეობის წილი, რომელსაც არ გადაუწყვეტია, ნაკლებად მოსალოდნელია ან თითქმის გამორიცხულია, რომ გაიკეთოს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, 55.4% -ია. შედარებისთვის: ეს მაჩვენებელი 2021 წლის მარტში 71.2%-ს შეადგენდა.
კვლევის კიდევ ერთი შედეგი ადასტურებს, რომ 5-19 წლის ბავშვების ვიდეო/კომპიუტერული თამაშების საშუალო ხანგრძლივობა COVID19-ის პანდემიის დაწყებიდან გაიზარდა ბავშვების 50.6%-ში, არ შეცვლილა ბავშვების 42.6%-ში, ხოლო შემცირდა 6.3%-ში.
აღნიშნული ასაკის ბავშვების პროცენტული წილი, რომლებიც თამაშობენ ვიდეო, კომპიუტერულ თამაშებს მობილურ ტელეფონზე, პლანშეტზე, კომპიუტერზე ან სხვა მოწყობილობაზე, შეადგენს 72.8%-ს