საზოგადოება
12/09/2021

მომავალი წლიდან ქუთაისის აეროპორტიდან აბასთუმანში ჩასვლა 2.5 საათში იქნება შესაძლებელი

ბაღდათი-აბასთუმნის გზის რეაბილიტაციის შემდეგ, ქუთაისის აეროპორტიდან აბასთუმნამდე მგზავრობის დრო 1.5 საათით შემცირდება და მგზავრობას 4 საათის ნაცვლად 2.5 საათი დასჭირდება.

სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2022 წელს იგეგმება.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაათვალიერა. როგორც რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, პროექტის განხორციელების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზრდება გზის უსაფრთხოებისა და მომსახურეობის სტანდარტი, შემცირდება მგზავრობის დრო დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ნაწილიდან თურქეთის საზღვრამდე. 

საავტომობილო გზის 4 კმ-იანი ნაწილი ამჟამად გადის დაბა აბასთუმნის ხეობაში, სადაც საცხოვრებელი და საყოფაცხოვრებო ნაგებობები ძირთადად გზის გასწვრივ არის განლაგებილი. შესაბამისად, კურორტის ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების მიზნით, დაიწყო აბასთუმნის შემოვლითი 16 კმ-იანი გზის მშენებლობა. პროექტის ღირებულება 210 მლნ ლარია.

ბაღდათიდან-აბასთუმნამდე მისასვლელი გზის დღევანდელი ალტერნატივა ბაღდათი-ხაშური-აბასთუმნის გზის მარშრუტია, რომელიც ქუთაისის აეროპორტიდან მანძილს საგრძნობლად ზრდის. ახალი გზის მშენებლობით, ჩრდილოეთ-სამხრეთის კავშირი შენარჩუნდება იმდაგვარად, რომ კურორტის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტი არ გაივლის. ბაღდათი-აბასთუმნის განახლებული მარშრუტით ერთმანეთს უმოკლესი გზით დაუკავშირდება იმერეთის, სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონები.

აბასთუმნის შემოვლითი საავტომობილო გზის მშენებლობით შესაძლებელი გახდება კურორტზე გამავალი გამჭოლი სატრანსპორტო მოძრაობისაგან თავის არიდება, რითაც მაქსიმალურად იქნება შენარჩუნებული კურორტის უნიკალური ეკოლოგიური პირობები.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მომავალ წელს აბასთუმანი-ბენარას დამაკავშირებელი არსებული 8 კმ-იანი გზის რეაბილიტაციას დაიწყებს, რომლის ღირებულება დაახლოებით 10 მლიონი ლარი იქნება.