მობილური ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა თითქმის 0.5 მილიონით გაიზარდა
მობილური ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობა სწრაფი ტემპით იზრდება.
კომუნიკაციების კომისიის ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის ბოლოსთვის, ინტერნეტ მომსახურებით მობილური ქსელის უკვე 3.75 მლნ აბონენტი სარგებლობს, რაც წინა
წელთან შედარებით, თითქმის ნახევარი მილიონით - 494 ათასით მეტია.
როგორც კომისიაში აცხადებენ, აბონენტების რაოდენობის ზრდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორით არის განპირობებული:
საქართველოს მოსახლეობის უნარ-ჩვევები თანამედროვე ტექნოლოგიების მოხმარებაში გაუმჯობესებულია და ახალგაზრდა თაობა აქტიურად იყენებს მობილურ ინტერნეტს;
დინამიკაში მუდმივად იცვლება მობილური მომხმარებლის ქცევა სატელეკომუნიკაციო მომსახურებების მოხმარების კუთხით;
სულ უფრო მეტი მომსახურება გადადის ონლაინ, ციფრულ სივრცეში, რაც თავისთავად ხელს უწყობს მოხმარების ზრდას.
ანგარიშში ნათქვამია, რომ 2017 წლიდან 2021 წლის ბოლომდე საშუალოდ, მობილური ინტერნეტ მომხმარებლების რაოდენობის წლიურმა ზრდამ 9,5% შეადგინა. ხოლო წინა წელთან შედარებით, ზრდა 15% იყო.
2020 წლის მსგავსად, 2021 წლის ბოლოსთვის ყველაზე მეტი მობილური ინტერნეტ
მომხმარებელი "სილქნეტს" ჰყავდა. თუმცა, კომპანიების ჭრილში, აბონენტთა საერთო რაოდენობაში მობილური ინტერნეტ მომხმარებლების წილის მაჩვენებლები განსხვავებულია. პირველ ადგილზე "ვიონი საქართველოა", რომლის აბონენტების 76% მობილურ ინტერნეტს მოიხმარს.
"აღნიშნული მაღალი მაჩვენებელი მობილურ ინტერნეტზე შეთავაზებული ტარიფებით და მომხმარებელთა სეგმენტითაა განპირობებული. მეორე ადგილს - 73%-ით "სილქნეტი", ხოლო მესამე ადგილს "მაგთიკომი" - 58%-ით იკავებს.
2021 წელს მობილური ინტერნეტ ტრაფიკი რეკორდულად მზარდი იყო. მობილური მომსახურების აბონენტებმა, წინა წელთან შედარებით, დაახლოებით 65%-ით მეტი - 311 პეტაბაიტამდე მობილური ინტერნეტი მოიხმარეს.
"ეს მოცემულობა განპირობებულია როგორც მობილური ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობის, ისე ბაზარზე ახალი თაობის ინტერნეტის მხარდაჭერის მქონე ტელეფონების რაოდენობის ზრდით. ასევე, აღნიშნულ ტენდენციას ხელს უწყობს 4G ქსელისა და მომსახურების განვითარება, რასაც პანდემიით გამოწვეული ინტერნეტზე გაზრდილი მოთხოვნა დაემატა. აღნიშნულმა, წინა წლებთან შედარებით მომხმარებელთა ქცევა არსებითად შეცვალა", - აცხადებენ კომუნიკაციების კომისიაში.
ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს მობილური ინტერნეტის საშუალო ყოველთვიური მოხმარება ერთ აბონენტზე 9,5 გბ-ს შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით 107%-ით მეტია. IV კვარტლის მონაცემებით, ყველაზე დიდი მოცულობის ინტერნეტ ტრაფიკი ერთ აბონენტზე - 14,8 გბ-ს ოდენობით "მაგთიკომის" აბონენტებმა მოიხმარეს, რაც მთლიანი ინტერნეტ ტრაფიკის 53% -ს შეადგენს. "სილქნეტის“ აბონენტები ყოველთვიურად - 7,7 გბ ინტერნეტს მოიხმარენ, ხოლო "ვიონი საქართველოს" აბონენტები - 5,6 გბ-ს იყენებენ.
ბოლო წლებში 2G და 3G ტექნოლოგიებით მოხმარებული ინტერნეტ ტრაფიკის რაოდენობა მნიშვნელოვნად მცირდება. 4G მოხმარება, წინა წელთან შედარებით, 6%-ით გაიზარდა და 2021 წელს მთლიანი მობილური ინტერნეტ ტრაფიკის 91% უკვე 4G ტექნოლოგიაზე მოდის.
4G ტექნოლოგიის ტრაფიკის წილის მიხედვით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი "ვიონი საქართველოს" აქვს, შემდეგ მცირედი სხვაობით - "მაგთიკომს" და "სილქნეტს".