მობილური აბონენტები 5.55 მლნ-მდე გაიზარდა - ბოლო 5 წელში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი
2021 წელს საქართველოში მობილური მომსახურების ბაზარზე პენეტრაცია 12%-ით გაიზარდა და ბოლო 5 წელიწადში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 160% შეადგინა. ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის 2021 წლის ანგარიშშია ნათქვამი.
როგორც კომისიაში ამბობენ, აღნიშნული მონაცემი მიუთითებს იმაზე, რომ ერთ მომხმარებელს ერთზე მეტი მობილური ნომერი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელმა ზუსტად იცის ბაზარზე არსებული ტარიფები და საჭიროების მიხედვით, სხვადასხვა მომსახურების მიღების მიზნით, მისთვის ხელსაყრელ ქსელს იყენებს.
2021 წლის ბოლოს მობილური აბონენტების რაოდენობა 5.55 მლნ გახდა, რაც ბოლო 5 წელში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის ბოლო კვარტალში მობილური ქსელის იურიდიული პირი აბონენტების რაოდენობამ მთლიანი აბონენტების 24% შეადგინა, რაც ჯამურად 1,3 მილიონია. წინა წელთან შედარებით, დაახლოებით 400 000-ით გაიზარდა ფიზიკური პირი აბონენტების რაოდენობა.
მობილური ოპერატორების საბაზრო წილი აბონენტების რაოდენობის მიხედვით, 2021 წლის ბოლოსთვის ასე განაწილდა: "მაგთიკომი" - 42%, "სილქნეტი" - 33%, ხოლო "ვიონი საქართველო" - 25%.
2021 წელს მობილურმა ოპერატორებმა, 2020 წელთან შედარებით 12%-ით მეტი, 555 მლნ ლარის საცალო შემოსავალი მიიღეს.
საცალო შემოსავლებში "მაგთიკომის" საბაზრო წილი 47%, "სილქნეტის" -35%, ხოლო "ვიონი საქართველოს" - 18%-ია.
2021 წელს მობილური შემოსავლების 75% ფიზიკურმა პირმა აბონენტებმა დააგენერირეს, ხოლო 25% - იურიდიულმა პირებმა. იურიდიული პირებისგან მიღებული შემოსავლები ბოლო 5 წლის განმავლობაში, კვლავ მზარდი ტენდენციით ხასიათდება.
2021 წელს საქართველოში მობილური შემოსავლების ზრდის განაკვეთი მშპ ზრდის განაკვეთთან მიმართებაში, გაიზარდა.
2021 წლის მონაცემების მიხედვით, თვის განმავლობაში ერთი აბონენტისგან მიღებულმა საშუალო შემოსავალმა (დღგ-ს გარეშე) 9.7 ლარი შეადგინა. ოპერატორების ჭრილში 2021 წლის IV კვარტლის მონაცემებით, ARPU-ს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი "მაგთიკომს" აქვს, შემდეგ - "სილქნეტს", ხოლო მობილურ კავშირზე ყველაზე მცირე თანხას "ვიონი საქართველოს" აბონენტები ხარჯავენ.
2021 წელს იურიდიული პირი აბონენტების ARPU40-ს მაჩვენებელი ფიზიკური პირი აბონენტების ARPU-ს მაჩვენებელს უტოლდება.
"აღსანიშნავია, რომ ორივე ტიპის აბონენტებისთვის ცალსახად ზრდადი ტენდენცია გვაქვს ერთი აბონენტისგან მიღებული საშუალო შემოსავლის თვალსაზრისით",- აღნიშნულია კომისიის ანგარიშში.
2020 წელთან შედარებით, 2021 წელს ჯამური გამავალი ხმოვანი ტრაფიკი 0,5%-ით გაიზარდა და 10.23 მლრდ წუთი შეადგინა, ხოლო MOU მაჩვენებელი 184 წუთიდან 164 წუთამდე შემცირდა.
"მობილური ოპერატორების ჭრილში, 2021 წლის MOU-ს მონაცემები განსხვავებულია. საშუალოდ თვეში ყველაზე მეტს "ვიონი საქართველოს" აბონენტები საუბრობენ, რაც კომპანიის მიერ შეთავაზებული შედარებით დაბალი ტარიფებითაა გამოწვეული, შემდეგ - "სილქნეტის" მომხმარებლები, ხოლო ყველაზე ცოტას - „მაგთიკომის“ აბონენტები საუბრობენ", - ნათქვამია ანგარიშში.