მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში საჯარო რეესტრში 300 ამზომველი დასაქმდება
მიწის სისტემური რეგისტრაციის ფართომასშტაბიანი რეფორმის ფარგლებში, საჯარო რეესტრში 300 ამგეგმავი დასაქმდება.
მიწის ნაკვეთების ამზომველთა ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსით შერჩეულ კანდიდატებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე დავით დევიძე შეხვდა და მათ დეტალები გააცნო.
ამზომველ–ამგეგმავების პროფესიულ გადამზადებას და სერტიფიცირებას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს. ამავდროულად სააგენტო ამზომველებს უახლესი გეოდეზიური აპარატურით უზრუნველყოფს, რაც მონაცემთა მაღალ ხარისხსა და სიზუსტეს განაპირობებს.
სააგენტოში ამბობენ, რომ სპეციალური ტექნიკისა და ეკიპირების, ასევე, საჯარო რეესტრის მიერ შექმნილი ელექტრონული ოქმებისა და ვებ აპლიკაციის დახმარებით სასურველი მიწის ნაკვეთის დარეგისტრირება გაცილებით სწრაფად იქნება შესაძლებელი.
მიწის სისტემური რეგისტრაციის მასშტაბურ პროექტში ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში სულ 465 სერტიფიცირებული ამზომველი იქნება ჩართული. პროექტი 2022 წლის 1 იანვრიდან დაიწყო და 2024 წლის ბოლომდე დასრულდება.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო განმარტავს, რომ სისტემური წესით მთელი ქვეყნის ტერიტორიის მესამედს, დაახლ 1,2 მლნ ჰექტარ ფართობს (ოკუპირებული ტერიტორიებისა და თვითმმართველი ქალაქების გარდა) დაარეგისტრირებს. მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისთვის საჭირო ყველა პროცედურას: საკადასტრო აგეგმვა/აზომვითი ნახაზების მომზადებას, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება-ანალიზსა და ნაკვეთების დარეგისტრირებას – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უფასოდ განახორციელებს.
მიწის ნაკვეთის ამზომველ-ამგეგმავის ვაკანტურ პოზიციებზე აპლიკანტთა შერჩევის პროცედურები გრძელდება. სერტიფიცირების კურსს საველე-საამზომველო სამუშაოების ჩატარებისა და მონაცემების დამუშავების როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებას მოიცავს.