მიწის ნაკვეთების რეგისტრაციაზე საშეღავათო რეჟიმის ვადა გახანგრძლივდება
მიწის ნაკვეთების სისტემურ რეგისტრაციასთან დაკავშირებით საშეღავათო რეჟიმის ვადა გახანგრძლივდება.
როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განმარტა, მიზანი ისაა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მომდევნო 3 წლის განმავლობაში შეძლოს წარმატებით დაასრულეს მიწის რეგისტრაციის რეფორმა.
კომიტეტმა, მეორე მოსმენისთვის, დაჩქარებული წესით, განიხილა და მხარი დაუჭირა მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს.
ჭეიშვილის თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო გაზრდილი რესურსით გააგრძელებს პროცესს, ობიექტურად, დღის წესრიგში აღარ დგას მუნიციპალიტეტების დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მათი ჩართულობა მიწის რეგისტრაციის პროცესში.
„აქედან გამომდინარე, ხდება დელეგირებული უფლებამოსილების შეჩერება მიწის სისტემური რეგისტრაციის ვადით. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ არსებული განცხადებები, რომლებიც დღესდღეობით წარმოების პროცესშია მუნიციპალიტეტების დონეზე, გადმოეცემა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სისტემური რეგისტრაციისთვის გათვალისწინებულ ვადებში სწორედ საჯარო რეესტრი უზრუნველყოფს აღნიშნულ განცხადებებთან დაკავშირებით წარმოების დასრულებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების შესაბამისი ინტერესის დაკმაყოფილებისთვის", - აღნიშნა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ.