საზოგადოება
07/03/2022

მინისტრი: საქართველო თავისუფლების კუნძულია ბევრი ქვეყნის მოქალაქისთვის

ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოში დაახლოებით 25 000 რუსეთის მოქალაქე შემოვიდა. მინისტრი ირწუნება, რომ მათი შემოსვლა რისკების შემცველი არ არის. 

"ეს სტატისტიკა ჩვენთვის საინტერესო იყო. დავინახეთ, რომ საზოგადოებაში ბევრი საკითხი ემოციურად არის აღქმული. დაახლოებით 20 000-25 000 ადამიანია. ეს არის დაახლოებით ის რანგი, რაც 2020 წელს იყო, ვიდრე პანდემიამდელი შეზღუდვა იქნებოდა. ასე არ არის, რომ დიდი რაოდენობით ჩამოდიან და ეს რისკების შემცველია", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. 

აპირებს თუ არა საქართველოს მთავრობა, რუსეთის მოქალაქეებს ბიზნესის კეთების კუთხით შეზღუდვები დაუწესოს, ამასთან დაკავშირებით მინისტრი ამბობს, რომ საქართველო ერთ-ერთი იშვიათი თავისუფლების კუნძულია ბევრი ქვეყნის მოქალაქესთვის, მათ შორის მეზობელი ქვეყნებისთვის. 

"საქართველო საინტერესოა იმ კუთხით, რომ ადამიანებმა თავისუფალ რეალობაში შეძლონ საქმის კეთება. ჩვენი ქვეყანა ამისთვის ყოველთვის გახსნილია. ეს იყო ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა ათწლეულები და არა ერთეული წლები, რომ მოვიზიდოთ მეტი ადამიანი საქმიანობისთვის. ადამიანები თუ რეჟიმს რეალურად გაურბიან და ცდილობენ თავისუფალ გარემოში აკეთონ საქმე, ჩვენთვის ძალიან მნიშნელოვანია ტოლერანტობა. ადამიანებს, მახასიათებლების მიუხედავად, იქნება ეს რელიგია თუ სხვა, ლეგალურად, კანონის შესაბამისად საქმის კეთების საშუალება უნდა მივცეთ", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.