მინისტრი რეგულაციების შემსუბუქებაზე: ტურიზმის სექტორისა და მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მივიღეთ
ნათია თურნავა უწყებათშორის კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს მნიშვნელოვან უწოდებს.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, ეს გადაწყვეტილებები მნშვნელოვანია ტურიზმის სექტორისა და ზოგადად, ჩვენი მოქალაქეებისთვის.
"პირველ რიგში - მსუბუქდება ღამის საათების შეზღუდვა. კომენდანტის საათი დაიწყება 23:00 საათიდან, ნაცვლად 21:00 საათისა“, - განაცხადა მინისტრმა.
ნათია თურნავას განმარტებით, ასევე იხსნება შეზღუდვა სასტუმროებში მოქმედი რესტორნებისთვის, რომელთა ფუნქციონირება დღემდე, 21:00 საათიდან აკრძალული იყო.
„რაც შეეხება კაფეებისა და რესტორნების ფუნქციონირებას შაბათ-კვირას, ვიცით, რომ ეს საკმაოდ დიდი პრობლემაა, რადგან უკვე წამოვიდა ტურისტების ნაკადი. დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, შაბათ-კვირას, წესების დაცვით შესაძლებელი იქნება ამ კვირიდან კაფე-ბარების და რესტორნების ღია სივრცეების ფუნქციონირება. ამასთან, დიდი იმედი გვაქვს, რომ 1-ლი ივნისიდან უფრო მეტად შევძლებთ შემსუბუქებას და საერთოდ მოვხსნით ამ შეზღუდვას“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
ამასთან, ნათია თურნავას განმარტებით, 1-ლი ივნისიდან შემსუბუქება, რა თქმა უნდა, იმ პირობით მოხდება, თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება კეთილსაიმედო იქნება.