საზოგადოება
01/12/2021

მიხეილ ჩხენკელი: 2030 წელს მეცნიერებისთვის ბიუჯეტი 243 მლნ ლარი იქნება

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო დაფინანსების მოცულობა გაიზრდება და გაფართოვდება სამეცნიერო კვლევების პროგრამები. 
 
მისი თქმით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს მენეჯმენტისა და ადმინისტრირების ევროპული მოდელის დასანერგად. იგეგმება მაქს პლანკის ინსტიტუტების მოდელის გათვალისწინებით სამეცნიერო დარგების კლასტერულად განვითარება. ამ მოდელის განხორციელებაში სამინისტროსთან ერთად აქტიურად იქნება ჩართული საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია.
 
"ვაძლიერებთ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს და ეტაპობრივად გავზრდით მეცნიერ-თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებას. 10-წლიანი სამოქმედო გეგმის ფარგლებში უკვე ვაცნობეთ საზოგადოებას, რომ მეცნიერების დაფინანსების ბიუჯეტი, მათ შორის, ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის, ყოველწლიურად გაიზრდება. 2030 წლისთვის მეცნიერებისთვის გამოყოფილი ჯამური ბიუჯეტი 243 მილიონი ლარი იქნება“, – განაცხადა მინისტრმა პარლამენტში, სადაც მას მინისტრის საათის ფორმატში უსმენენ.