საზოგადოება
23/12/2021

"მგზავრობაზე ერთჯერადი მომსახურების საფასურის გაორმაგება მოქალაქეებს მძიმე ტვირთად დააწვება"

ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის“ დედაქალაქის მერს საკრებულოს სხდომაზე იბარებს და საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის ახალ სისტემაზე განმარტებას მოითხოვს. 

როგორც ფრაქციის წევრმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემის ამოქმედების შემდეგ, ერთჯერადი მომსახურების საფასური ორმაგდება და მოქალაქეს 50 თეთრის ნაცვლად ერთი ლარის გადახდა მოუწევს.

"თბილისის მერია აპირებს გადახედოს საზოგადოებრივ ტრანსპორტზე საფასო პოლიტიკას და შემოიღოს ტრანსპორტისთვის  ახალი საბარათე სისტემა და გაზარდოს, რაც ყველაზე მტკივნეულია, მგზავრობაზე ერთჯერადი მომსახურების საფასური, კონკრეტულად 50 თეთრი გააორმაგოს და გახადოს ერთი ლარი, რაც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება ჩვენს მოქალაქეებს, იმ ფონზე, როდესაც პანდემია ჯერ კიდევ მძვინვარებს და მთავრობა ვერ ახერხებს დაუპირისპიროს მას ქმედითი და თანმიმდევრული ზომები, ასევე იმ ფონზე, როდესაც არის რეკორდულად გაზრდილი ინფლაცია და ჩვენი მოქალაქეები ფაქტობრივად ყოველდღიურად იბრძვიან გადარჩენისთვის და ოჯახის შენახვისთვის",- აღნიშნა გიორგი შარაშიძემ.

ფრაქცია "თბილისი საქართველოსთვის" მოითხოვს, კახა კალაძემ საკრებულოს სხდომაზე საზოგადოებას გასცეს პასუხი, რეალურად გაძვირდა თუ შემცირდა ტრანსპორტით მგზავრობის საფასური.
 

"მიგვაჩნია, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხი, ვგულისხმობ საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმას და მისი ხელმისაწვდომ და კომფორტულ სარგებლობას, საკრებულოს უახლოებს სხდომაზე თბილისის მერი კახა კალაძე პირადად გამოცხადდეს ხალხის მიერ არჩეული დეპუტატების წინაშე, რაც ჩვენი აზრით  წერტილს დაუსვამს გავრცელებულ მანიპულაციებს, სხვადასხვა ტიპის მოსაზრებებს გაძვირდა რეალურად თუ შემცირდა მგზავრობის ტარიფები.
ამავე დროს, ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის“ მოუწოდებს თბილისის მთავრობას და საკრებულოს, რომ დროებით შეჩერდეს აღნიშნული ინიციატივის გატანა, მოხდეს მისი განხილვა კომპეტენტური პირების და საზოგადოების ფართო ფენების მონაწილეობით, იმისათვის, რომ თბილისელებს არ ქონდეთ არანაირი კითხვა და პრობლემა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ახალი ტარიფების შესახებ.
ჩვენ საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს სატრანსპორტო რეფორმისა, კონკრეტულად, თუნდაც საბარათე სისტემისა, რომელიც გულისხმობს შეღავათებს ხანგრძლივ და მრავალჯერად მგზავრობაზე, თუმცა წინააღმდეგი ვიქნებით თუნდაც იმ მოქალაქეებისთვის მგზავრობის ტარიფის გაძვირებაზე, რომლებიც დღეში მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ სარგებლობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით“ - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.