მეტროსადგურ "გოცირიძის" რეაბილიტაცია 7 თვეში დასრულდება - რატომ გაჭიანურდა სამუშაოები
მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაცია შვიდ თვეში დასრულდება.
კახა კალაძემ განმარტა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების შეფერხება კონტრაქტორი კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობამ და მეტროსადგურის ბაქნის უვარგისობამ განაპირობა.
მისივე თქმით, კომპანია ვალდებულებების შეურულებლობის გამო შავ სიაში შეყვანილია. რაც შეეხება ბაქანს, მერმა განმარტა, რომ საჭირო გახდა ახალი პროექტის განხორციელება და ახლა უკვე დაწყებულია რეაბილიტაცია, ახალი ბაქნის პროექტის შექმნა.
"ეს იყო ერთადერთი სადგური გადახურვის გარეშე, დღეს უკვე მომზადებულია კონსტრუქციები, ესეც გადახურული სადგური იქნება და დაახლოებით, შვიდი თქვე დასჭირდება სამუშაოების მთლიანად დამთავრებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2021 წლის 11 ნოემბერს გააფორმა ხელშეკრულება ახალ მომწოდებელთან „მამისონთან“. კალაძის თქმით, კომპანიამ უნდა ჩაატაროს ბაქნის დამატებითი კვლევა; კვლევის საფუძველზე შეიმუშაოს ბაქნის ახალი კონსტრუქციული გადაწყვეტა და პროექტი; განახლებული პროექტის მიხედვით განახორციელოს ბაქნის კონსტრუქციული ელემენტების დემონტაჟი და ახლის მონტაჟი; დაასრულოს მეტროსადგურზე დარჩენილი სარემონტო სამუშაოები. სახელშეკრულებო ზღვრული თანხა შეადგენს დაახლოებით 4,7 მლნ ლარს, რომელიც პროექტირების დასრულების შემდეგ შესაძლოა დაკორექტირდეს.
მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეკონსტრუქციისა და კაპიტალური რემონტის სამუშაოებისთვის თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2020 წლის 18 ივნისს გააფორმა ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან - საქართველოში უცხოური საწარმო შპს „კაიზენის“ ფილიალთან, რომელმაც ვერ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. ამის გამო 2021 წლის 13 სექტემბერს შპს „კაიზენთან“ შეწყდა ხელშეკრულება და კომპანიას დაეკისრა შესაბამისი საჯარიმო სანქციები.