"მეტროს ვაგონების ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას საბრძოლო იარაღის წარმოებასთან კავშირი არ აქვს"
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მეტროს ვაგონების ტენდერში გამარჯვებულ კომპანია "მეტროვაგონმაშს" და მთლიანად ჰოლდინგს, რომელშიც ეს კომპანია შედის, საბრძოლო იარაღის წარმოებასთან კავშირი არ აქვს.
"ამ დღეებში თბილისის მეტროს ვაგონების ტენდერთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლებმა არაერთი ტყუილი გაავრცელეს. მათ შორის იყო ის, რომ თითქოს, ტენდერში გამარჯვებული კომპანია იარაღს აწარმოებს. ამდენი ტყუილის მოგონება და ფანტაზიებში გადავარდნა რას უკავშირდება, არ ვიცი. მათ ჰგონიათ, რომ ჩვენ პირში წყალს ჩავიგუბებთ და არაფერს ვიტყვით. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ გამარჯვებულ კომპანიას არანაირი კავშირი არ აქვს საბრძოლო იარაღის დამზადებასთან. ამ ჰოლდინგში რამდენიმე კომპანიაა გაწევრიანებული. არათუ ამ კონკრეტულ კომპანიას, რომელიც ჩვენს ტენდერშია გამარჯვებული, არამედ ჰოლდინგის არცერთ კომპანიას არ აქვს კავშირი იარაღის წარმოებასთან. ასევე, მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია გამარჯვებული კომპანიის შესახებ. მათ პროდუქცია მიწოდებული აქვთ მაგალითად, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიასთვის, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტისთვის, ასევე, სერბეთისთვის“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძის თქმით, თბილისის მეტროსთვის ვაგონების შესყიდვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით განხორციელდა და ყველაფერი მათ მიერ დადგენილი წესებით მიმდინარეობს.
"კიდევ ერთხელ მინდა ავუხსნა საზოგადოებას, რომ თბილისის მეტროსთვის ვაგონების შესყიდვა თბილისის მერიის ინიციატივითა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით განხორციელდა. როდესაც ამგვარ პროექტს აფინანსებს რომელიმე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია, შესყიდვები ყოველთვის ხორციელდება ამ ორგანიზაციის მიერ დადგენილი შესყიდვის წესების შესაბამისად. ასე იყო მეტროს ვაგონების შესყიდვისთვის გამოცხადებული ტენდერის შემთხვევაშიც: თბილისის მერიამ სრულად იხელმძღვანელა EBRD-ს მიერ დამტკიცებული შესყიდვის პროცედურით და დაბალი ფასის პრინციპიდან გამომდინარე, ტენდერში გაიმარჯვა რუსულმა კომპანიამ.
ტენდერი გამოცხადებული იყო 2020 წლის თებერვალში. საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურები აქვს. შესაბამისად, ჩვენც ამ ეტაპების გავლა მოგვიწია. 2021 წლის ნოემბერში გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა. ეს ამბავი დაუკავშირეს რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე ომს და სანქციებს. არაერთი სიბინძურე და არასწორი განცხადება მოვისმინეთ ე.წ. პოლიტიკოსების მხრიდან. სამწუხაროდ, მათი დღის წესრიგი დაფუძნებულია სიცრუეზე, თემების გამოგონებაზე, სიყალბეზე. მერე გამოდიან და საუბრობენ, რომ ნულები არიან. ცხადია, როდესაც ასეთი სიცრუე არის თქვენი დღის წესრიგი, არ უნდა გაგიკვირდეთ, რომ ნულები ხართ. თუ ასე გააგრძელებთ, კიდევ უფრო ქვემოთ ჩახვალთ და „გაფარჩაკდებით“. ასე რომ, გონს მოეგეთ და გააკეთეთ ისეთი განცხადებები, რომელიც რეალურია", - განაცხადა თბილისის მერმა.
ამასთან, კახა კალაძის თქმით, ამ ეტაპზე, გამარჯვებული კომპანიისთვის თანხის გადარიცხვა შეჩერებულია და თბილისის მერია ელოდება EBRD-ს გადაწყვეტილებას.
"რაც შეეხება უშუალოდ ვაგონების შესყიდვას, ეს პროცესი, რა თქმა უნდა, გაგრძელდება ამავე ტენდერის ფარგლებში. ველოდებით, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და ჩვენც ამ გადაწყვეტილების მიხედვით ვიხელმძღვანელებთ. ჯერჯერობით, თანხის გადარიცხვა შეჩერებულია, იმიტომ, რომ არვიცით თუ რომელ კომპანიებს დაეკისრება სანქციები. საბოლოოდ, ჩვენს დედაქალაქს აუცილებლად ექნება ახალი მეტროს ვაგონები, რომლითაც მოსახლეობას მოვემსახურებით", - აღნიშნა თბილისის მერმა.