საზოგადოება
20/01/2022

მეტრო "ვარკეთილის" რეაბილიტაცია ₾7 მლნ დაჯდება

მეტრო "ვარკეთილის" რეაბილიტაციას 7 მლნ ლარი მოხმარდება. 

თბილისის მერი კახა კალაძე იმედს გამოთქვამს, რომ უახლოეს მომავალში ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოვლინდება. სარეაბილიტაციო სამუშაოების ვადა 12 თვეა. 

"წლების წინ ჭერი ჩამოინგრა და ძალიან მძიმე შედეგი მივიღეთ, თუმცა სადგურს მუშაობა არ გაუჩერებია. დავიწყეთ გარკვეული კვლევების ჩატარება. რა თქმა უნდა კარგი იქნებოდა, რომ აქამდე დაწყებულიყო სარეაბილიტაციო სამუშაოები, თუმცა ამას აქვს თავისი ახსნა, რატომ ვერ მოხერხდა ამდენი ხნის განმავლობაში. ექსპერტიზა ჩაუტარდა არსებულ კონტრუქციებს, რათა შეგვესწავლა მისი უსაფრთხოება და მომავალში გამოგვერიცხა მსგავსი ინციდენტი. იმედია, ძალიან მალე გვეყოლება გამარჯვებული კომპანია და მაშინვე დაიწყება სამუშაოების განხორციელება", - აღნიშნა კახა კალაძემ. 

თბილისის მერის ინფორმაციით, სამუშაოები ითვალისწინებს: ბაქნისა და ესკალატორების გვირაბის აზბესტის ჭერის  დემონტაჟს.  ასევე, თანამედროვე მასალებით ჭერის, ე.წ. დამცავი ქოლგის მოწყობას, ინტერიერის სრულ განახლებას, ესკალატორების, ბალუსტრადების განახლებას. პროექტის ფარგლებში, განათებისა და შიდა სავენტილაციო სისტემა მოეწყობა, ბაქნის იატაკი შეიცვლება, ტაქტილური ფილები დაიგება, ასევე, სადგურის სამეურნეო ოთახები მოეწყობა.