საზოგადოება
28/07/2021

მერია "სამშენებლო ამნისტიის" კანონის აღსრულებისთვის წესსა და პროცედურებს ამტკიცებს

"სამშენებლო ამნიისტის შესახებ" კანონი ძალაში შედის, დედაქალაქის მერია კი კანონის აღსრულებისთვის საჭირო წესსა და პროცედურებს ამტიცებს. 

როგორც კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, დაინტერესებულ პირებს მიეცემათ შესაძლებლობა, ისარგებლონ ამ კანონით დადგენილი შეღავათებითა და სპეციალური რეჟიმებით.

"საქართველოს პარლამენტმა დაასრულა სამშენებლო ამნისტიასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტის განხილვა. კანონი უკვე მიღებულია, გამოქვეყნებულია და ძალაში შედის 28 ივლისიდან. თბილისის მუნიციპალიტეტი დაამტკიცებს ამ კანონის აღსრულებისთვის საჭირო წესს და პროცედურას და დაინტერესებულ პირებს მიეცემათ შესაძლებლობა, ისარგებლონ ამ კანონით დადგენილი შეღავათებითა და სპეციალური რეჟიმებით. კანონი შედგება სამი ძირითადი ნაწილისგან. პირველი მოიცავს 2020 წლის 18 აგვისტომდე, ნებართვის საფუძველზე დასრულებულ მშენებლობებზე ზოგიერთი სამშენებლო დარღვევის პატიებას. ეს დარღვევებია ფართობის გადამეტება, განაშენიანების კონტურის დარღვევა, "წითელი ხაზების" დარღვევა, ფუნქციური ზონის დარღვევა და ა.შ. ასევე, ამ დარღვევების პატიებისთვის საჭირო წესებს და პროცედურებს.

კანონის მეორე ნაწილი ითვალისწინებს, მომავალში ასეთი დარღვევების თავიდან არიდებისა და პრევენციის მიზნით, პასუხისმგებლობის დამძიმებას, რომ იგივე არ განმეორდეს. კერძოდ, სამშენებლო დარღვევების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, სისხლის სამართლის პასუხისმგისმგებლობის დაკისრებას დამრღვევი პირების მიმართ", - აღნიშნა კახა კალაძემ. 

რაც შეეხება კანონის მესამე ნაწილს, დედაქალაქის მერის თქმით, ეს ეხება შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების წესებს. კერძოდ, იმ მშენებლობების შემთხვევაში, რომლებიც შეიცავენ საყოფაცხოვრებო ფართებს. 

"ექსპლუატაციაში მიღებამდე დაუშვებელი გახდება ელექტროენერგიითა და გაზით მომარაგება. ეს არის ცვლილება, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ არ დაიწყოს ამ შენობების საყოფაცხოვრებო ფუნქციით გამოყენება, სანამ შენობას უფლებამოსილი ორგანო არ მიიღებს ექსპლუატაციაში. აღნიშნული წესი ამოქმედდება 2022 წლის პირველი იანვრიდან და გავრცელდება იმ მშენებლობებზე, რომელზეც მშენებლობის ნებართვა გაიცემა 2022 წლის პირველი იანვრის შემდგომ. აღნიშნული შესწორება განხორციელდა სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან მჭიდრო კომუნიკაციის შედეგად", - განაცხადა თბილისის მერმა. 

მისივე თქმით, ამნისტია არ არის უპირობო აქტი და უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტი შესაბამისად იმოქმედებს. 

"ამ საკანონმდებლო პაკეტის საფუძველზე, ძალიან ბევრი ადამიანის ქონებამ შეიძინა ღირებულება და ლეგიტიმაცია. ქონება, რომელიც წარმოადგენდა არასრულ აქტივს, ვინაიდან არ იყო ექსპლუატაციაში და ვერც იქნებოდა ექსპლუატაციაში მიღებული, კონკრეტული სამშენებლო კომპანიების კანონდარღვევიდან გამომდინარე. ეს პრობლემა იყო იმ ოჯახებისთვის და ძალიან მალე ეს ყველაფერი იქნება მოწესრიგებული და მოგვარებული. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამნისტია არ არის უპირობო აქტი. იმ შემთხვევაში, თუ დარღვეულია უსაფრთხოების ნორმები, მუნიციპალიტეტი აწესებს მოთხოვნას, შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღება შენობა-ნაგებობა ექსპლუატაციაში. მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ დარღვეულია კონსტრუქციული ნახაზი ან კონსტრუქციული პროექტი, მოითხოვება აკრედიტებული საექსპერტო დაწესებულების დასკვნა ფაქტობრივად განხორციელებული სამუშაოების უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის შესახებ", - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ შენობა-ნაგებობას არ აქვს მოწესრიგებული  ფასადი, დამაბრკოლებელ გარემოებას ესეც წარმოადგენს.

"ასევე, მნიშვნელოვანია ქალაქის იერსახის მოწესრიგების მიზნით, შენობა-ნაგებობების ფასადი. იმ შემთხვევაში, თუ შენობა-ნაგებობას არ აქვს მოწესრიგებული და დასრულებული ფასადი, ესეც წარმოადგენს დამაბრკოლებელ გარემოებას. შენობა მას შემდეგ შევა ექსპლუატაციაში, რაც მუნიციპალიტეტთან შეთანხმების შემდეგ მოწესრიგდება ან დასრულდება მისი ფასადი", - აღნიშნა კახა კალაძემ.