საზოგადოება
30/06/2021

"მარგებელი ჰოლდინგის" დამფუძნებელი ავთანდილ სვიმონიშვილი გარდაიცვალა

"მარგებელი ჰოლდინგის" დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ავთანდილ სვიმონიშვილი გარდაიცვალა, - განცხადებას კომპანია ავრცელებს.

"ავთანდილ სვიმონიშვილთან ურთიერთობის შესაძლებლობამ, მისგან გაზიარებულმა ცოდნამ და გამოცდილებამ თითოეულ ჩვენგანზე დიდი გავლენა იქონია.
მას უდიდესი წვლილი მიუძღვის საკუთარი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაში. მისი, როგორც გამორჩეული პატრიოტის, გავლილი გზა კი ყველა ქართველისთვის მისაბაძი მაგალითია", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

"ბიზნესპარტნიორი" თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ავთანდილ სვიმონიშვილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

„მარგებელი ჰოლდინგი“ 2009 წელს ქართველმა და შვეიცარიელმა პარტნიორებმა დააფუძნეს. ჰოლდინგში გაერთიანებულია ნაბეღლავის მინერალური წყლის მწარმოებელი კომპანია „წყალი მარგებელი“, „მარნეულის სასურსათო ქარხანა“, სადისტრიბუციო კომპანია „ენგადი“, „მარნეული აგრო“ და თელეთის „ფერმა მარგებელი“.