საზოგადოება
12/08/2021

მარეგულირებელმა "თელასი" ₾50 000-ით, "თელმიკო" ₾75 000-ით დააჯარიმა

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“ (თელმიკო) და „თელასი“ დააჯარიმა.

ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დარღვევის გამო ჯარიმის მოცულობა "თელმიკოს" შემთხვევაში 75 000 ლარით განისაზღვრა, „თელასი“ კი 50 000 ლარით დაჯარიმდა. როგორც სემეკში განმარტავენ დაჯარიმების მიზეზი თბილისში ელექტროენერგიის აბონენტებზე სისტემურად განხორციელებული არაზუსტი დარიცხვებია.

სემეკმა კომპანიებს განუსაზღვრა ვადები დარღვევების აღმოსაფხვრელად. ამასთანავე, კომისიის გადაწყვეტილებით, კომპანიებს დაევალათ მოქალაქეებზე ზედმეტობით დარიცხული თანხების დაკორექტირება.    

"სემეკს საჩივრით მიმართა არაერთმა მოქალაქემ შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისა“ და სს „თელასის“ მიერ მათი უფლებების დარღვევის შესახებ. საჩივრები უკავშირდებოდა ივნისსა და ივლისში მოხმარებულ ელექტროენერგიაზე ტარიფის საფეხურის არასწორ მისადაგებასა დ  გაზრდილი გადასახადის დარიცხვას, რაც ასევე დადასტურდა სემეკში წარმოებული მოკვლევის შედეგად," - განმარტებულია სემეკის გავრცელებულ განცხადებაში.

სემეკი მოუწოდებს კომპანიებს, ზედმიწევნით განახორციელონ კანონმდებლობით დაკისრებული  ვალდებულებები, რათა  ადგილი აღარ ჰქონდეს მსგავსი ტიპის უხეშ დარღვევებს.

დარღვევების განმეორების შემთხვევაში, კომისია კვლავ იმსჯელებს კანონით გათვალისწინებულ სანქციებზე.