საზოგადოება
29/07/2021

მარეგულირებელმა "ალტ ინფო" უხამსობის ტირაჟირების გამო სამართალდამრღვევად ცნო

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „ალტ ინფო" ეთერში უხამსობის შემცველი გადაცემების გამო, სამართალდამრღვევად ცნო.

საქმე ეხება 5, 6, 7 და 12 ივლისს „ალტ ინფოს" სამაუწყებლო ბადეში განთავსებულ გადაცემებს „ალტ-ინტერვიუ" და „ალტ-ანალიტიკა".

მარეგულირებლის გავრცელებულ განცხადებაშუ ნათქვამია, რომ გადაცემებში როგორც წამყვანების, ისე მიწვეული სტუმრების მიერ ხშირად იყო გამოყენებული უცენზურო ლექსიკა და ხდებოდა უხამსობის ტირაჟირება.

კომუნიკაციების კომისიამ გადაცემების ეთერში განთავსების მართლზომიერება შეისწავლა და მიიჩნია, რომ „ალტ ინფოს" ეთერში განთავსებული გადაცემები შეიცავდა განცხადებებს, რომელიც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს, არ გააჩნია საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო და მეცნიერული ღირებულება და არ შეიძლება იყოს კონტექსტით გამართლებული.

„ალტ ინფოს" გადაცემებში გამოყენებული ლექსიკა ლახავს ადამიანის ღირსებას და ძირითად უფლებებს, რითაც მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობა დაირღვა. გამომდინარე იქიდან, რომ უხამსობის შემცველი გამონათქვამები განთავსდა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში, დაირღვა იმ აუდიტორიის უფლებები, ვისთვისაც მიუღებელი და განსაკუთრებით შემაწუხებელია უხამსობის შემცველი გადაცემის ნახვა და მოსმენა.

ამასთან, კანონმდებლობის მიხედვით, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებში უხამსობის განთავსება ეწინააღმდეგება მაუწყებლის სრულწლოვანი და არასრულწლოვანი აუდიტორიის უფლებებს", - ნათქვამია კომისიის განცხადებაში.

მარეგულირებელი იქვე მიათითებს, რომ კომუნიკაციების კომისია ცდილობს სტანდარტის დამკვიდრებამდე არ დააკისროს მაუწყებლებს ჯარიმა, მაგრამ დააფიქსიროს დარღვევა თუ ასეთი არსებობს.

"დარღვევის დაფიქსირება უმნიშვნელოვანესი ეტაპია, რათა საზოგადოებამ და მედიამ სწორად გაითავისოს კანონის პრინციპები და მოხდეს მისი აღსრულება. არსებული პრაქტიკისა და ერთგვაროვანი მიდგომის შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ „ალტ ინფო" კანონდარღვევის გამო სამართალდამრღვევად ცნო და პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა", - მიათითებს კომისია.