"მადელაინის" სათამაშოები ebay-ზე გაიყიდება
სათამაშოების მწარმოებელი კომპანია “მადელაინის“ პროდუქცია ebay-ზე გაიყიდება. ამავდროულად კომპანია პროდუქციის მასიურ წარმოებაზე გადადის და ახალი პროდუქტების შექმნაზეც მუშაობს.
სათამაშოების მწარმოებელი ქართული კომპანია "მადელაინი" ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის პროექტის, ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან GEclose2EU ბენეფიციარია.
კომპანიამ საკუთარი პროდუქცია პროექტის მხარდაჭერით ტრენინგების და სხვადასხვა საკონსულტაციო მომსახურების გაწევის შემდეგ ebay-ზე უკვე განათავსა. ონლაინ პლათფორმაზე ბრენდის განთავსება კომპანიას შესაძლებლობას მისცემს კიდევ უფრო დაუახლოვდეს საერთაშორისო ბაზარს და მოახდინოს პროდუქციის პოპულარიზაცია უცხოურ ქვეყნებში.
ბრენდ "მადელაინის" შექმნის იდეა ჰობიდან გაჩნდა და კომპანია დღეს აწარმოებს ქართულ ხელნაკეთ, უსაფრთხო სათამაშოებს 0-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის. აღსანიშნავია, რომ კომპანია პროდუქციის მასიურ წარმოებაზე გადადის, ასევე მუშაობს ახალი პროდუქტების შექმნაზე, რომელიც თანამედროვე დედებს ხელს შეუწყობს უფრო კომფორტული და სასიამოვნო გახადეს ბავშვის მოვლის პროცესი.
პროექტს „ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან" (GEclose2EU), 2018 წლიდან დაიწყო. პროექტს ახორციელებს „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) სააგენტო „აწარმოე საქართველოსთან“ თანამშრომლობით. პროექტის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, მათი ცნობადობის გაზრდა ადგილობრივ და ევროპის ბაზარზე და ინტერნაციონალიზაციის ახალი შესაძლებლობების შექმნა.