მაჭავარიანზე მეწყრული პროცესის გააქტიურებას გერმანელი ექსპერტები შეისწავლიან
მაჭავარიანის ქუჩაზე და მიმდებარე ფერდებზე მეწყრული პროცესის ნაწილობრივ გააქტიურებას გერმანელი ექსპერტები შეისწავლიან, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა მედიასთან საუბრისას განაცხადა.
ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, პრობლემის მოგვარებაში, დარგის სპეციალისტებთან ერთად, ოპერატიულად ჩაერთვნენ მერიის შესაბამისი სამსახურები.
„მომდევნო კვირაში გერმანელი ექსპერტები, ამ მიმართულების გეოინჟინერები ჩამოგვყავს. ისინი არიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალები, მათი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ისინი უშუალოდ იქნებიან ჩართულები ამ პროცესში. მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე, ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული მოქმედებების შედეგად, სტაბილიზაციაში მყოფი მეწყრული პროცესი ნაწილობრივ გააქტიურდა. ამ ფაქტის დადგომასთან ერთად, პრობლემის მოგვარებაში მერიის შესაბამისი სამსახურები, შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან ერთად, ოპერატიულად ჩაერთვნენ. ამ საკითხის გადაჭრისთვის მუშაობა 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
ირაკლი ბენდელიანის თქმით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერიამ მოსახლეობას რამდენიმე დღის წინ აცნობა. მისივე განცხადებით, ექსპერტების მხრიდან უკვე გაცემულია რეკომენდაციები და ამ დროისთვის მიმდინარეობს კვლევა-პროექტირების ეტაპი, რომელიც უახლოეს დღეებში დასრულდება.
„არის რამდენიმე სახის რეკომენდაცია ექსპერტების მხრიდან. პირველ რიგში, უნდა მომხდარიყო მაჭავარიანის ქუჩის ჩაკეტვა, რაც იცით, რომ რამდენიმე დღის წინ მოსახლეობას მერიამ შეატყობინა. ასევე მათი რეკომენდაცია არის, რომ მოხდეს ამ მეწყრული პროცესების მონიტორინგი, რაც უკვე მიმდინარეობს პირველივე წუთიდან. ასევე მათი რეკომენდაცია არის, რომ მოხდეს დეტალური კვლევა-პროექტირება და ამის შემდეგომ, შესაბამისი სამუშაოების გახორციელება. ეს უკანასკნელიც უკვე მიმდინარეობს, ანუ ვართ კვლევა-პროექტირების ეტაპზე. პროცესი უახლოეს დღეებში დასრულდება და გვექნება უკვე პირველადი მონაცემები, რასთან გვაქვს საქმე და რა ღონისძიებები უნდა გატარდეს“, - განცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
თბილისის მერის მოადგილის განცხადებით, მაჭავარიანის და მარშალ გელოვანის დამაკავშირებელი ახალი გზის სამუშაოების დაწყებამდე გაკეთებული იყო დეტალური პროექტი, დაიდო გეოლოგების დასკვნები, განხორციელდა ექსპერტიზები და სწორედ ამის შემდეგ მოხდა ამ სამუშაოების დაწყება. მისვე თქმით, საგზაო სამუშაოებს მეწყერთან კავშირი არ აქვს.
„მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ ეს მეწყრული პროცესები მიმდინარეობს მაჭავარიანის ქუჩის ზედა ნაწილში, ზედა ფერდობზე, ხოლო ის საგზაო სამუშაოები, რომელზეც არის საუბარი, არის მაჭავარიანის ქუჩიდან ქვედა ნაწილში“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
თბილისის მერის მოადგილის განცხადებით, ამ დროისთვის ერთ-ერთი პირველი ამოცანაა ყველანაირი უსაფრთხოების ნორმების დაცვით მაჭავარიანის ქუჩის გახსნა.