მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყერსაშიში ფერდის გამაგრების სამუშაოები დაიწყო
ვაშლიჯვარში, მაჭავარიანის ქუჩაზე, მეწყერსაშიში ფერდის გამაგრების სამუშაოები დაიწყო.
როგორც თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, გადაწყვეტილება დარგის სპეციალისტების რეკომენდაციას ეფუძნება და ის ფერდისთვის პირვანდელი, ბუნებრივი მდგომარეობის დაბრუნებას გულისხმობს.
კერძოდ, ის გარკვეული მოცულობის მიწის მასით შეივსება.
"ეს კიდევ უფრო მეტ წინაღობას შეუქმნის ამ მცოცავ მეწყერს და იქნება გარკვეული პრევენცია, რომ უეცრად არ მოწყდეს ეს მასა“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
მისივე თქმით, ამის შემდგომ იგეგმება სხვა ღონისძიებები, კერძოდ, მეწყრულ არეალში დროებითი გზების გაყვანა და კონკრეტული სამუშაოების წარმოება.
"კვირის ბოლოს მეწყერსაშიშ ადგილსა და მიმდებარე არეალში დამონტაჟდება მონიტორინგის სპეციალური სისტემა, რომლის საშუალებითაც გვექნება მეტად დეტალური ინფორმაცია მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა თბილისის მერის მოადგილემ.