ლიტერატურული კონკურსი საბა 2022 იწყება
2022 წელი ლიტერატურული პრემია „საბასთვის“ საიუბილეო თარიღია. მეოცე წელია, რაც კონკურსი აფასებს ქართულ ლიტერატურას და აჯილდოებს გამარჯვებულ წიგნებსა და ავტორებს. ამ წლების განმავლობაში არაერთი მწერლისთვის, გასაკუთრებით დამწყები ავტორებისთვის, კონკურსის მოკლე სიაში გასვლა და გამარჯვება დიდი მოტივაციაა. ტრადიციულად წელსაც „საბა“ აცხადებს კონკურსს და შეაფასებს გასულ წელს გამოცემულ ტექსტებს. ავტორებსა და გამომცემლებს უკვე შეუძლიათ წიგნები წარადგინონ კონკურსზე. ამისათვის მათ უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადი ვებგვერდზე: https://bit.ly/3sNEvpu
განაცხადების მიღება 4 მარტამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც „საბას“ ჟიურის წევრები წიგნების განხილვას შეუდგებიან და გასული წლის ლიტერატურულ მოსავალს შეაფასებენ.
2022 წელს საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ჟიური 9 ნომინაციაში გამოავლენს:
საუკეთესო რომანი
საუკეთესო პოეტური კრებული
საუკეთესო პროზაული კრებული
საუკეთესო პიესა
საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი
საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა
საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა
უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი
ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი.
მარტში საკონკურსო წიგნების სია გამოქვეყნდება. ასევე, კონკურსის მსვლელობის პარალელურად, ამ წიგნების ელექტრონული ვერსიებიც განთავსდება SABA Reader-ში და მკითხველებს საშუალება ექნებათ გაეცნონ მათ.
ლიტერატურული კონკურსი „საბა“ თიბისიმ და პოეტმა რატი ამაღლობელმა 2002 წელს დააფუძნეს. უკვე წლებია ის ყველაზე ავტორიტეტული პრემიაა ლიტერატურის დარგში. დაარსების დღიდან „საბამ“ არაერთი მწერლის ნაწარმოები და ღვაწლი შეაფასა, კერძოდ 4000-ზე მეტი წიგნი განიხილა, 184 პრემია გასცა და 153 ავტორი დააჯილდოვა (მათგან 24 ავტორი დაჯილდოვდა მინიმუმ 2-ჯერ და მეტჯერ). ჟიურიში კი 80-ზე მეტმა მწერალმა და ლიტერატორმა იმუშავა.
წელს, კონკურსის ფინალისტების ვინაობა ივლისში გახდება ცნობილი, ხოლო დაჯილდოების საზეიმო ცერემონია სექტემბერში გაიმართება.
ნახეთ საბა 2022 - ის ვიდეო აქ: საბა 2022 იწყება