საზოგადოება
09/12/2021

ლიბერთი ქალთა საფეხბურთო კლუბ "ლანჩხუთის“ სპონსორობას განაგრძობს

ლიბერთი ქალთა საფეხბურთო კლუბ "ლანჩხუთის" მხარდაჭერას განაგრძობს და ახალი მემორანდუმის ფარგლებში ბანკსა და საფეხბურთო კლუბს შორის პარტნიორობა 2022 წლის განმავლობაშიც გაგრძელდება, რაც საფეხბურთო კლუბის ფინანსურ მხარდაჭერას და ფეხბურთელებისთვის შესაფერისი სავარჯიშო პირობების შექმნას ითვალისწინებს.

განახლებული მემორანდუმით, ბანკი კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, ხელი შეუწყოს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, გენდერული თანასწორობის პრინციპების გაძლიერებას და ქალთა ფეხბურთის განვითარებას, განსაკუთრებით საქართველოს რეგიონებში. ქსკ ლანჩხუთმა საქართველოს ჩემპიონის ტიტული პირველობის დასრულებამდე 3 ტურით ადრე მოიპოვა.

12 დეკემბერს კი ბოლო ტური გაიმართება და ქსკ ლანჩხუთი 2021 წლის ჩემპიონი ოფიციალურად გახდება.

„სასიხარულოა, რომ მომდევნო წლის განმავლობაშიც განვაგრძობთ ჩვენი და ყველასათვის საამაყო ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო კლუბის მხარდაჭერასა და მეგობრობას.

ლიბერთიმ სულ ახლახანს განაცხადა ახალი სტრატეგიის შესახებ, რომლის ფარგლებში ქალების მხარდაჭერა და გაძლიერება ერთერთი მთავარი მიმართულებაა - განსაკუთრებით საქართველოს რეგიონებში. კლუბთან პარტნიორობას დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც გოგონების სპორტული წარმატებისთვის, ასევე ზოგადად ქალების გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობადობის გაზრდის მიმართულებით.

წარმატებას ვუსურვებ გოგონებს ჩემპიონატის ფინალურ მატჩზე. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ჩემპიონები კიდევ უფრო მასშტაბურ წარმატებას მიაღწევენ საქართველოს ფარგლებს გარეთაც. ჩვენ კი ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ კლუბს ჰქონდეს ყველა პირობა სრულფასოვანი მომზადებისთვის.’ - განაცხადა ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა.

„ლიბერთის მხარდაჭერა უფრო მეტ სტაბილურობას შესძენს კლუბს, დაეხმარება გრძელვადიანი სპორტული მიზნების მიღწევაში და თავის წვლილს შეიტანს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაში. მსგავსი ტიპის პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა ქართულ სპორტში და განსაკუთრებით ქალთა ფეხბურთში“ - დურმიშხან ჩხაიძე, კლუბის დირექტორი.

2020 წლიდან ლიბერთი გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი კომპანიაა. გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისსა და ლიბერთის მჭიდრო თანამშრომლობა, ქალების გაძლიერებასა, გენდერული თანასწორობის მხარდაჭერას და ქალებისთვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ითვალისწინებს.