საზოგადოება
12/07/2021

ლევან დავითაშვილი: ემოციური ფონი უნდა დამშვიდდეს და ქვეყანამ განვითარება შეძლოს 

ვიცე-პრემიერის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ემოციური ფონი უნდა დამშვიდდეს, რათა ქვეყანამ სტაბილური განვითარება შეძლოს. დავითაშვილმა ეს შეფასება 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გააკეთა, სადაც მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. 

“თითოეული ჩვენი მოქალაქის ამოცანაა, ქვეყანამ შეძლოს სტაბილური განვითარება, ყველა დანარჩენი - ეს არის ჩვენი არაკეთილის მსურველების ინტერესებში. იმ დროს როდესაც ქვეყანას აქვს უამრავი გეოპოლიტიკური, სოციალური თუ ეკონომიკური გამოწვევა, ჩვენ გვჭირდება მეტი კონსოლიდაცია, მაქსიმალურად სტაბილური ვითარება, იმისთვის, რომ შევძლოთ ეკონომიკური განვითარება, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქის უფლებები მეტად იყოს დაცული, მათ შორის ეკონომიკური, სოციალური და სხვა. 

პრემიერის და მთავრობის წევრების პასუხისმგებლობა ის არის, რომ ამ შემთხვევაში სიტუაცია იყოს კონტროლირებადი, ქვეყანაში იყოს სიმშვიდე, რაც მთავარია და თითოეული მოქალაქის უფლებები იყოს რეალიზებული. ჩვენ ვსაუბრობთ ახლა გარკვეულ ფაქტებზე, ემოციებზე, პროტესტზე, გვავიწყდება რომ ამ ქვეყნის 4 მილიონ მოქალაქეს ერთადერთი რამ სჭირდება - სტაბილური გარემო განვითარებისთვის, იმისთვის, რომ ძალიან მნიშვნელოვან ღირებულებებზე მათ ზრუნვა შეძლონ. ეს პასუხისმგებლობა აქვს პირდაპირ მთავრობას“,- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.