ლეილა მესხი: ჩოგბურთზე ინტერესი შენარჩუნებულია და ეს დიდ სტიმულს გვაძლევს
“ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიამ“ მუშაობა 15 მარტიდან განაახლა. სპორტსმენებს კორტებით სარგებლობა უკვე შეუძლიათ. მუშაობა აღდგა კომპლექსის სხვა სერვისებზეც, ფიტნეს დარბაზი, აუზი, სასტუმრო და ა.შ.
აკადემიის დამფუძნებელი ლეილა მესხი „ბიზნესპარტნიორთან“ პანდემიურ სიტუაციაზე და სამომავლო გეგმებზე საუბრობს. მისი თქმით, პანდემიამ სპორტზე და კონკრეტულად ჩოგბურთზე ძალიან ცუდად იმოქმედა, აკადემია 1 წელი სრულად პარალიზებული იყო.
„მუშაობა განვაახლეთ 15 მარტიდან, მანამდეც გვქონდა სპეციალური საბუთი, რისი საშუალებითაც მხოლოდ ნაკრების წევრებს შეეძლოთ ვარჯიში. აპრილიდან ვაპირებთ ჯგუფების დაკომპლექტებას და მუშაობის ჩვეულ რეჟიმში, რეკომენდაციებისა და რეგულაციების დაცვით გაგრძელებას. რაც შეეხება მომართვიანობას, ზუსტი მონაცემები ამ ეტაპისთვის არ გვაქვს, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ მოთხოვნა კვლავ შენარჩუნებულია, რაც დიდ სტიმულს გვაძლევს.
მთლიანი კომლექსის ერთადერთი მფლობელი მე ვარ, იჯარა ან მსგავსი ვალდებულებები არ მაქვს, შესაბამისად, სახელმწიფო დახმარება შეგვეხო მხოლოდ თანამშრომლების მხრივ, რომლებიც იღებდნენ 200 ლარს. სამწუხაროდ მოგვიწია კადრების შემცირებაც. ფიტნეს დარბაზი, აუზი, სასტუმრო, ყველაფერი დაკეტილი იყო. ყველა აქტივობა, რაც დაგეგმილი გვქონდა ფაქტობრივად გაბათილდა. ახლაც რთულ ვითარებაში ვართ, კომუნალურმა გადასახადებმაც მოიმატა,“ – აღნიშნავს ლეილა მესხი.
მისივე თქმით, სპორტული ღონისძიებების აღდგენას ივნისში ელოდებიან, რაც ზაფხულის თვეებში ღონისძიებების ჩატარების შესაძებლობას იძლევა.
„წლის გეგმა წინასწარ გაწერილი არ გვაქვს, იმის მიხედვით ვიმოქმედებთ, როგორც სიტუაცია გვიჩვენებს. საკმაოდ წარმატებული ბაზა და ერთ–ერთი წამყვანი სპორტული სკოლა ვართ. მოთხოვნა პანდემიამდე მზარდი იყო და იმედი გვაქვს, ახლაც შენარჩუნდება ეს ტენდენცია,“ – განაცხადა ჩოგბურთლმა.
შეგახსენებთ, რომ ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემია, თბილისში, კოტე მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარეობს, რომელიც 1995 წელს დაარსდა და დღემდე წარმატრებით ფუნქციონირებს.
ლეილა მესხი ფოტო: "სითი"