საზოგადოება
28/12/2021

ლასლო ბორჰი "საქართველოს უცხოელი მეგობარი" - ნათია თურნავამ გამარჯვებული დააჯილდოვა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ  „დიასპორის დაჯილდოება 2021"-ის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ნათია თურნავამ ნომინაციაში „საქართველოს უცხოელი მეგობარი" გამარჯვებული დააჯილდოვა. 
 
წელს ეს ჯილდო გადაეცა პროფესორ ლასლო ბორჰის - ბუდაპეშტის  უნივერსიტეტის რექტორს. მას დიდი წვლილი მიძღვის ორ ქვეყანას, საქართველოსა და უნგრეთს შორის კულტურული, საგანმანათლებლო და ლიტერატურული კავშირების განმტკიცების საქმეში. ლასლო ბორჰის უშუალო ძალისხმევით უნივერსიტეტში გაიხსნა ქართული ენის სწავლების კურსი და უნგრელი ქართველოლოგის მარტონ იშტვანოვიჩის სახელობის ქართული ბიბლიოთეკა. ჯილდო მიიღო უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ანა მარია შიკოს.
 
„მინდა, მივესალმო ყველა ჩვენს უცხოელ მეგობარს, საქართველოს მიმართ მათი ღვაწლი ძალიან დასაფასებელია, რადგან ჩვენი თანამემამულეები, ვინც საზღვარგარეთ ძალიან დიდ ქართულ საქმეს აკეთებენ, იღწვიან საკუთარი სამშობლოსთვის, მაგრამ კიდევ უფრო მეტად დასაფასებელია, როდესაც უცხოელი ადამიანები საზღვარგარეთ ასევე ძალიან დიდ ქართულ საქმეს აკეთებენ", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
 
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ასევე ისაუბრა ქართული დიასპორის როლსა და მნიშვნელობაზე საზღვარგარეთ სხვადასხვა სფეროში კავშირების დამყარების კუთხით. ამასთან, როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, საქართველოს მთავრობა მართლაც ძალიან ბევრს აკეთებს იმისთვის, რომ ეს რესურსი, რომელიც მთელ მსოფლიოში ჩვენი დიასპორის სახით გვყავს, იყოს მაქსიმალურად მობილიზებული და კავშირები უფრო მყარი გახდეს.
 
„დიასპორის დაჯილდოება 2021" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიების მიზანია საზღვარგარეთ მცხოვრები, სხვადასხვა სფეროში წარმატებული ჩვენი თანამემამულეების დამსახურების აღიარება და დაფასება - მათი, ვისაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით საქართველოს საერთაშორისო იმიჯის შექმნაში.