საზოგადოება
15/12/2021
ლაშა ხუციშვილი: დასაქმების მაჩვენებელი საშუალოდ 4.1%-ით გაიზარდა
ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2021 წელს ორნიშნა ეკონმიკური ზრდა იქნება.
მისი თქმით, 2019 წლის დონესთან შედარებით 2021 წელს ეკონომიკა სრულად აღადგენს გასული წლის დანაკარგს და 2.6%-ით მაღალი იქნება 2019 წლის დონესთან შედარებით.
"2021 წლის მეორე კვარტლიდან ქვეყანას ეკონომიკის აღდგენის შთამბეჭდავი ტემპი აქვს, რითაც საქართველო ლიდერია არამხოლოდ რეგიონში, არამედ გლობალურად", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა და აქვე აღნიშნა, რომ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, მნიშვნელოვანია ინკლუზიურობა.
"ჩვენ გადასახადის გადამხდელთა დეკლარაციების საფუძველზე, ყოველდღიურად ვაკვირდებით დასაქმების მაჩვენებელს. წელს, ეს მაჩვენებელი საშუალოდ 4.1%-ით მაღალია 2019 წელთან შედარებით. ტურიზმის მაღალი წილი ჩვენს ეკონომიკაში იყო იმის მიზეზი, რომ პანდემიის გავლენა ერთ-ერთი მაღალი გვქონდა რეგიონში. გასულ წელს, მარტის შემდგომ, თითქმის განულდა ტურისტული ვიზიტები, რაც საკმაოდ მძიმე დარტყმა იყო სექტორისთვის. მიმდინარე წელს, გაზაფხულიდან მოყოლებული, ეტაპობრივად ხდება ტურიზმის აღდგენა და ივლისის თვიდან, ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 2019 წლის 50%-ს აჭარბებს. წლის დასაწყისის დაბალი ტემპის გათვალისწინებით, 2021 წელს ტურიზმიდან ეკონომიკაში მიღებული შემოსავლები 2019 წლის მესამედს მიაღწევს", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე, სადაც 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს წარადგენს.
მისი განცხადებით, მიუხედავად ტურიზმის არასრული აღდგენისა, წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, მაინც გაუმჯობესდა და წლის ბოლოსთვის მისი მოცულობა 8.4% იქნება.