საზოგადოება
06/10/2021

ლარსზე საბაჟო პროცედურები შეფერხებით მიმდინარეობს

"ლარსზე", საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა/გატანა, აგრეთვე აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ, საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელება მიმდინარეობს შეფერხებით.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მიზეზი რუსეთის მხარეს "ლარსის" საბაჟო გამშვებ პუნქტზე მიმდინარე სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოებია. 

მათივე ცნობით, რუსეთის ფედერაციის მხარეს სამშენებლო სამუშაოების დასრულებისთანავე, საბაჟო გამშვები პუნქტი -  "ყაზბეგი", ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით იმუშავებს. შესაბამისად, მგზავრებისა და ტვირთების გატარება შეუფერხებლად მოხდება (ზემოაღნიშნული მიზეზით, რუსეთის მხარე ვერ უზრუნველყოფს საერთაშორისო ტვირთბრუნვის უწყვეტი ნაკადის მიღებას). 

"ამასთან, საბაჟო გამშვები პუნქტი "ყაზბეგი" 24 საათიან რეჟიმში მუშაობს და დღე-ღამეში 1000-ზე მეტი სატვირთო ავტომობილის გატარება არის შესაძლებელი. ასევე, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსა და სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, აქტიურად მუშაობს საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტომობილების რიგების აღმოსაფხვრელად, რათა მეზობელი სახელმწიფოებიდან რუსეთის ფედერაციისა და შუა აზიის ქვეყნების მიმართულებით ტრანზიტულად გადაადგილებული სატრანსპორტო საშუალებებისათვის განისაზღვროს ალტერნატიული მოძრაობის მარშრუტები", -  ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.