საზოგადოება
11/10/2021

კვლევა: ჰაერის დაბინძურების გამო საქართველოში ყოველწლიურად 4 000-მდე ადამიანი იღუპება

საყოფაცხოვრებო ჰაერის დაბინძურებით და გარემოს ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობა 100 000 მოსახლეზე 102 ადამიანს შეადგენს, - ინფორმაციას jandacva.ge დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გამოქვეყნებულ სტატისტიკურ ცნობაზე „ჯანმრთელობის დაცვა – საქართველო“ დაყრდნობით ავრცელებს.

საყოფაცხოვრებო, ანუ შენობებში არსებული ჰაერის დაბინძურებას საყოფაცხოვრებო ქიმია, რბილი ავეჯი ან მტვერი, ასევე ხის ღუმელების და თამბაქოს მოხმარება უწყობს ხელს.

ქვეთავში „მდგრადი განვითარების მიზნები“ განმარტებულია, რომ 2015 წელს „ათასწლეულის განვითარების მიზნების” ნაწილობრივ მიღწევის შემდეგ, გასული 15 წლის წარმატებების შენარჩუნების და შემდგომი წინსვლის მისაღწევად გაეროს სამიტზე მიღებულ იქნა „მდგრადი განვითარების მიზნები 2030 წლისათვის’’ (Sustainable Development Goals – SDGs). სწორედ აღნიშნული მიზნების მიღწევის შეფასებაა წარმოდგენილი დასახელებულ სტატისტიკურ ცნობარში. ერთ-ერთი სტრატეგიულi მიზანია 2030 წლისთვის ჯანმრთელი ცხოვრებისა და კეთილდღეობის მიღწევა ყველა ასაკის ადამიანისათვის, ყველასათვის უსაფრთხო და ეფექტური მედიკამენტებისა და ვაქცინებისადმი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის დანერგვის ხელშეწყობა, სამედიცინო მომსახურებით მოსახლეობის საყოველთაო მოცვა და სხვ.

პრობლემურ საკითხებს შორის დასახელებულია ტუბერკულოზის ინციდენტობა (100 000 მოსახლეზე 74 შემთხვევა), არაგადამდები დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობა, საყოფაცხოვრებო ჰაერის დაბინძურებით და გარემოს ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობა (100 000 მოსახლეზე 102, რაც 3800-ს შეესაბამება), საგზაო შემთხვევით გამოწვეული სიკვდილიანობა (100 000 მოსახლეზე 12.4), ასევე სუბიექტური კეთილდღეობა, რომელიც 10-ქულიან შკალაზე 5,1 ქულადაა შეფასებული.

ამასთან, ქვეყანას კარგი მაჩვენებლები აქვს ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა კვალიფიცირებული პერსონალის მიერ მიღებული მშობიარობების რაოდენობა, ჩვილთა წილი, რომლებსაც გაუკეთდა ჯანმო-ს მიერ რეკომენდებული 2 აცრა, დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებელი, ნეონატალური სიკვდილიანობის მაჩვენებელი, 5 წლამდე სიკვდილიანობის მაჩვენებელი.

Businesspartner