"ქვეყანა თავისუფალი ინტერნეტ სივრცით" - Freedom House-ის რეიტინგში საქართველო მე-9 პოზიციაზეა
ამერიკული ორგანიზაციის Freedom House - ის მიერ გამოქვეყნებული 2021 წლის ინტერნეტის თავისუფლების ინდექსის (Freedom on the net 2021) თანახმად, საქართველოს მაჩვენებელი გაუმჯობესდა.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ინდექსში ქვეყანას მინიჭებული აქვს 77 ქულა, რაც 2020 წლის მაჩვენებელთან შედარებით 1 ქულით მეტია. ამ მაჩვენებლით საქართველო მსოფლიო ინდექსში მე-9 ადგილზეა სტატუსით „ქვეყანა თავისუფალი ინტერნეტ სივრცით".
საქართველო ინდექსში უსწრებს ისე ქვეყნებს, როგორიცაა იაპონია, იტალია, ავსტრალია, აშშ და სხვ.
2021 წლის ანგარიშში აღნიშნულია საქართველოსა და აშშ-ს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმი გაფორმება და 2020 წლის იანვარში საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 5 წლიანი ეროვნული სტრატეგიის დამტკიცება, რომლის მიზანია ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარება, რეგიონში საქართველოს ციფრული და საინფორმაციო ჰაბად გარდაქმნა, კონკურენციის სტიმულირება, ახალი ინვესტიციების მოზიდვა, ციფრული უნარების განვითარება და სხვა.
ასევე ნათქვამია საქართველოს გეგმაზეც, რომ 2025 წლისთვის 4G ქსელებით უნდა დაიფაროს საქართველოს ტერიტორიის 99 პროცენტი, ხოლო 5G სერვისების პილოტირება უნდა მოხდეს მინიმუმ სამ მუნიციპალიტეტში. გარდა ამისა, საუბარია სახელმწიფო ინტერნეტიზაციის პროგრამაში შეტანილ ცვლილებებზე, რომლის მიხედვით უნდა შეიქმნას ერთიანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საბითუმო ინტერნეტ მომსახურებების მიწოდება ტელეკომ ოპერატორებისთვის, აგრეთვე საპილოტე პროექტის დასრულება ოზურგეთში, სადაც 49 დასახლებულ პუნქტში, 29 000 მოსახლეს მიეცემა შესაძლებლობა მიიღოს ინტერნეტი და მეორე საპილოტე პროექტის დაწყება ქობულეთში.
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველოში არ არსებობს გენდერული სხვაობა მათ შორის, რომლებიც რეგულარულად იყენებენ ინტერნეტს, ქალაქებში კი სახეზეა ინტერნეტ ქსელების დაფარვისა და მოსახლეობის მიერ ინტერნეტის გამოყენების მაღალი მაჩვენებელი.
დოკუმენტში ყურადღებაა გამახვილებული ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სათემო ინტერნეტიზაციის პროექტების განხორციელება თუშეთში, ფშავ-ხევსურეთსა და გუდამაყრის ხეობებში და მობილური ოპერატორების მიერ სპეციალური იაფი ტარიფების შეთავაზება ონლაინ სწავლისთვის. აღნიშნულია ისიც, რომ საქართველოს მთავრობას არ აქვს დაწესებული რაიმე სახის შეზღუდვა ინტერნეტ კავშირზე, ხოლო საქართველოს ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა კერძო კომპანიების მფლობელობაშია. კერძოდ, 2021 წლის მარტის მდგომარეობით ავტორიზებულია 152-ზე მეტი ინტერნეტ პროვაიდერი და ყველა მათგანი კერძო საკუთრებაშია. ანგარიშში ასევე მითითებულია, რომ ინტერნეტ მომხმარებლებს არ ექმნებათ შეზღუდვები ვებსაიტებზე წვდომის, კონტენტის ატვირთვის ან ჩამოტვირთვის, სხვა მომხმარებლებთან კომუნიკაციის ფორუმების, სოციალური მედიის და შეტყობინებების პროგრამების საშუალებით, ხოლო ონლაინ შინაარსი არ ექვემდებარება წაშლას და მთავრობის მოთხოვნა ონლაინ შინაარსის ამოღების შესახებ იშვიათია.
ანგარიშის თანახმად, Facebook - ის, Google - ისა და Twitter - ის გამჭვირვალობის უახლესი ანგარიშები ცხადყოფს, რომ Freedom on the net 2021 - ის ანგარიშის პერიოდში მთავრობამ არ გასცა წაშლის მოთხოვნა.
გარდა ამისა, მოსახლეობა აგრძელებს ელექტრონული სამთავრობო სერვისების გამოყენებას. ანგარიშში აღნიშნულია, რომ პანდემიის დროს, 179 საჯარო სერვისი გაციფრულდა და დაემატა პლატფორმას (MY.GOV.GE). დოკუმენტში ხაზგასმულია ისიც, რომ 2018 წლის დეკემბერში ძალაში შევიდა ცვლილებები კონსტიტუციაში, რომელიც აცხადებს ინტერნეტზე წვდომას, როგორც საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებას.